ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ჰელსინკის კომისია“: „ქართული ოცნება“ განაგრძობს მსოფლიოს ავტოკრატებთან ინტეგრაციას

„ჰელსინკის კომისია“: „ქართული ოცნება“ განაგრძობს მსოფლიოს ავტოკრატებთან ინტეგრაციას

ამერიკის შეერთებული შტატების „ჰელსინკის კომისია“, რომლის წევრებიც საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას „არალეგიტიმურად“ მიიჩნევენ, აცხადებს, რომ ხალხის მასობრივი წინააღმდეგობის მიუხედავად „ქართული ოცნება“ მსოფლიოს ავტოკრატებთან ინტეგრაციას განაგრძობს.
სოციალურ ქსელ X-ში „ჰელსინკის კომისიის“ ოფიციალურ გვერდზე 18 დეკემბერს გამოქვეყნებული განცხადებით, „ქართული ოცნება“ ქართველებს მათ მიერ არჩეული ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან მიათრევს აგრესორების ღერძისკენ, რომელთა მიზანია დემოკრატიული მსოფლიო წესრიგისთვის ძირის გამოთხრა.
„ჰელსინკის კომისია“ აღნიშნავს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი კობახიძე დაესწრო ირანის პრეზიდენტ ფეზეშქიანის ინაუგურაციას, მანამდე კი „ქართულმა ოცნებამ“ სცადა ირანსა და საქართველოს შორის ეკონომიკური კავშირების განმტკიცება და გავრცელებული ცნობებით, ირანთან დაკავშირებული ჯგუფები მხარს უჭერდნენ „ქართული ოცნების“ კამპანიას და ავრცელებდნენ ანტიდასავლურ ნარატივებს.
„ჰელსინკის კომისია“ იმასაც იხსენებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სტრატეგიული პარტნიორობა დაამყარა ჩინეთთან, რომლის კონსორციუმი ანაკლიაში ღრმაწყლოვან პორტს აშენებს.
„ჰელსინიკის კომისიის” განცხადებით, თუ „ქართული ოცნება“ ძალაუფლების მიტაცებაში გაიმარჯვებს, პარტია საქართველოს გადააქცევს ძალის დემონსტრირების და ეკონომიკური შესაძლებლობების ადგილად არა მხოლოდ რუსი მფარველების, არამედ ჩინეთისა და ირანისთვისაც, რომლებსაც სულ უფრო უახლოვდება.
აშშ-ის „ჰელსინკის კომისია“, რომელიც კონგრესის და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს აერთიანებს, სამთავრობო უწყებაა და მონიტორინგს უწევს ადამიანის უფლებების, უსაფრთხოების და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს ეუთოს წევრ 57 ქვეყანაში.
„ქართული ოცნების“ ლიდერებმა, მათ შორის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, არაერთხელ განაცხადეს, რომ „ჰელსინკის კომისია" პროცესებში „რადიკალური ოპოზიციის" სასარგებლოდ ჩართული მხარეა და მის განცხადებებს არანაირი ფასი არ აქვს.
ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.