კლინიკა „ჰელსიკორში“ აცხადებენ, რომ ვერაზე დაჭრილი ორი ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
კლინიკის აღმასრულებელი დირექტორის, შმაგი ჭიოკაძის განცხადებით, ორივე მათგანს ოპერაცია ჩაუტარდა და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„ჩვენს კლინიკაში შემოიყვანეს ორი ახალგაზრდა, 17-18 წლის ბიჭი. ორივეს ესაჭიროებოდა ოპერაციული მკურნალობა. ერთს დაზიანება ჰქონდა მარცხენა მხარის, მეორეს მარცხენა მტევნის არეში. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. ამ დროისთვის ორივე არის სტაბილურად. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ვესაუბრე ახლა, ორივე კარგად არის, თავს კარგად გრძნობენ,“, – განაცხადა შმაგი ჭიოკაძემ.
ცნობისთვის, ვერაზე სროლის შედეგად სულ 4 ადამიანი, მათ შორის, 2 არასრულწლოვანი დაიჭრა, ერთი მათგანი კი კლინიკაში გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, თავდაპირველად შელაპარაკება დაკავებულ ნიკა კაპანაძის დედასა და დაჭრილებს შორის მოხდა. კერძოდ კი, კაფიდან გამოსულ ახალგაზრდებს, რომელთა ავტომანქანაც დაკავებულის საცხოვრებელი სახლის წინ იდგა, ქალმა შენიშვნა მისცა. არსებული ინფორმაციით, სწორედ აღნიშნულის შემდეგ განახორციელა დაკავებულმა გასროლა.
როგორც ირკვევა, ავტომანქანაში მყოფი ოთხი პირიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვია სამს მოხვდა, მძღოლი კი არ დაშავებულა. რაც შეეხება მეოთხე დაჭრილს, ის ტაქსით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას გასროლილი ტყვია მოხვდა.
რაც შეეხება დაკავებულს, ის კლინიკაშია გადაყვანილი, ვინაიდან, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, მან დაკავებისას დაზიანება მიიღო, რადგან უწყების ცნობით, სამართალდამცველებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია.




