ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ჯერჯერობით გაურკვეველია“- გიორგი ქობულია ეკონომიკაზე არჩევნების გავლენას აფასებს

„ჯერჯერობით გაურკვეველია“- გიორგი ქობულია ეკონომიკაზე არჩევნების გავლენას აფასებს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია აცხადებს, რომ არჩევნების შედეგების ეკონომიკაზე გავლენის განსაზღვრა ჯერჯერობით რთულია და საბოლოო შედეგების გამოცხადებას უნდა დაველოდოთ. ყოფილი მინისტრი ,,კომერსანტთან“ საუბარში ამბობს, რომ ახლა გაურკვევლობის პერიოდია. ყველაფერი კი ნათელი მას შემდეგ გახდება, რაც საბოლოო შედეგები გამოცხადდება და ჩატარებულ არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიები საბოლოო დასკვნას დადებენ.
,,ჯერჯერობით გაურკვეველია. უნდა დაველოდოთ საბოლოო შედეგებს. გააჩნია როგორ განვითარდება სიტუაცია. ოპოზიცია როგორც ხედავთ ამტკიცებს, რომ არჩევნები გაყალბებულია, მაგრამ უნდა დაველოდოთ კონკრეტული ფაქტების და მტკიცებულებების წარდგენას მათი მხრიდან. ჯერჯერობით ასეთი მტკიცებულებები წარდგენილი არ ყოფილა. უნდა დაველოდოთ, რა თქვა უნდა საბოლოო დასკვნებს სადამკვირვებლო მისიების და ამის შემდეგ იქნება უფრო ნათელი, რამდენად ლეგიტიმურად მიიჩნევს დასავლური მხარე არჩევნების შედეგებს და აქედან გამომდინარე უკვე იქნება მარტივი გასაგები, თუ რას უნდა ველოდოთ. გაურკვევლობის პერიოდი შეიძლება გაგრძელდეს 1-2 კვირა მაქსიმუმ. ჯერჯერობით ნაადრევია დასკვნების გაკეთება.’’- აცხადებს გიორგი ქობულია.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილ მინისტრს ვკითხეთ, რა გავლენას მოახდენს ქუჩის აქციები და პროტესტი ეკონომიკაზე. გიორგი ქობულია გვპასუხობს, რომ პროტესტის მუხტის ასაწევად საჭიროა გაყალბების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენა და იმის დადასტურება, რომ დარღვევებმა არჩევნების შედეგებზე გავლენა მოახდინა. ყოფილი მინისტრი პარალელს 2020 წელის საპარლამენტო არჩევნების შედეგების პროტესტთან ავლებს.
,,პროტესტი რომ გაგრძელდეს და პროტესტმა რომ შეიძინოს ენერგია წარმოდგენილი უნდა იყოს კონკრეტული ფაქტები და მტკიცებულებები. თუ ასეთი ფაქტები და მტკიცებულებები არ იქნება წარმოდგენილი, როგორც ეს იყო 2020 წელს, ყველას გვახსოვს, რომ 2020 წელს უფრო დიდი პროტესტი იყო არჩევნების მერე, როდესაც მოსახლეობის განსაზღვრული ნაწილი და ოპოზიციის მხარდამჭერები გამოვიდნენ და ამტკიცებდნენ, რომ ტოტალურად გაყალბებული იყო არჩევნები. შემდგომ როგორც ჩვენ დავინახეთ პრაქტიკულად მთლიანმა დასავლურმა საზოგადოებამ ცნო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გამჭვირვალედ და ლეგიტიმურად. მაშინ, ეს ყველაფერი თავის თავად მიწყნარდა. მე რასაც ვაკვირდები, ცოტა მაგონებს 2020 წლის სიტუაციას, იმიტომ რომ მაშინაც არ იყო წარმოდგენილი მტკიცებულებები. უბრალოდ ლოზუნგების სახით იყო წარმოდგენილი, რომ გაყალბდა. როდესაც მოხდა შესწავლა ყველამ დაინახა, რომ თურმე მნიშვნელოვანი გაყალბება არ იყო, რომ შეეძლო ემოქმედა არჩევნების შედეგებზე. აბსოლუტურად არ არის გასაკვირი ის, რომ რაღაც დარღვევები იყო და ასეთი დაძაბული არჩევნების დროს გასაკვირიც იქნებოდა დარღვევები რომ არ ყოფილიყო. კითხვა იმაშია, რამდენად მოახდინა ამ დარღვევებმა გავლენა არჩევნების შედეგებზე. ეს იქნება დასამტკიცებელი და როდესაც ამაზე შეჯერდება საზოგადოება ამის მერე უფრო მარტივი იქნება იმის განსაზღვრა, თუ რა მოჰყვება ამას.’’- აცხადებს ,,კომერსანტთან“ საუბარში გიორგი ქობულია.
,,კომერსანტი’’ დაინტერესდა რა მოჰყვება არჩევნების გაყალბების დამტკიცებას. გიორგი ქობულია აცხადებს, რომ თუ სათანადო მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ დარღვევებმა არჩევნების შედეგებზე გავლენა იქონია, ამას დასავლეთის მხრიდან მწვავე რეაქცია და კონკრეტული პირების დასანქცირება მოჰყვება.
,,ამას დასავლეთში ექნება ძალიან მწვავე რეაქცია. აქ ჩვენ შეიძლება ველოდოთ განსაზღვრული პიროვნებების სანქცირებას. მე არ შევალ დეტალებში, ვინ იქნება კონკრეტულად და როგორ იქნება სანქცირებული. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ველოდოთ კიდევ უფრო მწვავე რეაქციას საქართველოს იზოლაციასთან დაკავშირებით. დახმარების პროგრამების ელემენტის შეჩერება შეიძლება დავინახოთ. რა თქმა უნდა, ეს იქნება ძალიან ცუდი რეკლამა დასავლეთიდან შემოსული ტურისტებისთვისაც. ეს ძალიან ნეგატიური სიგნალი იქნება თუ ეს ასე განვითარდა. თუმცა, ჯერჯერობით ამისი არანაირი მტკიცებულება, არანაირი ალბათობა ჯერჯერობით არ ჩანს. ძირითადად დარღვევებზე საუბრობენ მარნეულის ოლქში. გასაგებია იყო დარღვევები, დაფიქსირებულია კიდევაც, მაგრამ რა გავლენა მოახდინა ამან მთლიან შედეგებზე? სავარაუდოდ, პრაქტიკულად არანაირი.’’- აცხადებს გიორგი ქობულია.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.