ჯგუფი R.E.M. რადიო თავისუფლების მხარდასაჭერად ხელახლა გამოსცემს ძველ სინგლს

ლეგენდარული როკ-ჯგუფი R.E.M. მსოფლიომ 1981 წელს გაიცნო, როდესაც მათი პირველი სინგლი, Radio Free Europe, გამოვიდა.
ახლა კი ჯგუფმა განაცხადა, რომ 3 მაისს, მსოფლიო პრესის თავისუფლების დღეს, სინგლს ხელახლა გამოსცემს და რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების მოახლოებულ 75 წლის იუბილეზე მხარს დაუჭერს მაუწყებელს.
„იქნება ეს მუსიკა თუ თავისუფალი პრესა – ცენზურა ყველგან საფრთხეს უქმნის სიმართლეს. მსოფლიო პრესის თავისუფლების დღეს, მე მივესალმები რადიო თავისუფალი ევროპის მამაც ჟურნალისტებს“, – თქვა მაიკლ სტაიპმა, ჯგუფის წამყვანმა ვოკალისტმა და დამფუძნებელმა წევრმა.
რადიო თავისუფლება, -ის მიერ დაფინანსებულ სხვა მაუწყებლებთან ერთად, როგორებიცაა „ამერიკის ხმა“, „რადიო თავისუფალი აზია“, „კუბის მაუწყებლობის ოფისი“ (Radio Marti) და „ახლო აღმოსავლეთის მაუწყებლობის ქსელები“, რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც -ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ითვალისწინებს შვიდი ფედერალური სააგენტოს შემცირებას. მათ შორისაა აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტო (USAGM), რომელიც ზედამხედველობას უწევს რადიო თავისუფალ ევროპა/რადიო თავისუფლებას (RFE/RL) და სხვა ფედერალურ მაუწყებლებს.
აღმასრულებელი ბრძანების გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში, მედიით გავრცელდა USAGM-ის წერილი, რომ გაუქმდა კონგრესის მიერ დამტკიცებული გრანტი, რომლითაც რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება ფინანსდება. ამ ნაბიჯს მაუწყებელი ამჟამად სასამართლოში ასაჩივრებს.
„ჩემთვის R.E.M.-ის მუსიკა ყოველთვის თავისუფლების ზეიმს განასახიერებდა: გამოხატვის თავისუფლებას, ტექსტებს, რომლებიც გვაფიქრებს და მელოდიებს, რომლებიც მოქმედებას შთააგონებს“, – თქვა RFE/RL-ის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა სტივენ კაპუსმა.
„ეს არის ჩვენი, რადიო თავისუფლების ჟურნალისტების მიზანი – ინფორმირება, შთაგონება და იმ თავისუფლებების დაცვა, რომლებიც ხშირად მიუწვდომელია ჩვენი აუდიტორიისთვის. ჩვენ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ ადამიანებს, განსაკუთრებით მათ, ვისაც სიმართლე აშინებს. ისინი ყველაფერს აკეთებენ ჩვენს გასაჩუმებლად – ბლოკავენ არხებსა და ვებსაიტებს და ჩვენს კოლეგებსაც კი აპატიმრებენ“.
R.E.M.-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრის, მაიკ მილსის თქმით, წინააღმდეგობის ეს სული ცოცხლობს იმაში, რასაც ის პროდემოკრატიული მაუწყებლობის „OG-ს” (ორიგინალურ განგსტერს) უწოდებს.
„რადიო თავისუფალი ევროპის“ ჟურნალისტები 75 წელია დიქტატორებს ნერვებს უშლიან. იცი, რომ შენს საქმეს აკეთებ, როცა სწორ მტრებს იჩენ“, – თქვა მან.
რადიო თავისუფლების ოთხი ჟურნალისტი და კონტრიბუტორი – იჰარ ლოსიკი, ნიკა ნოვაკი, ვლადისლავ იესიპენკო და ფარიდ მეჰრალიზადა – ამჟამად თავიანთ საქმიანობასთან დაკავშირებული ბრალდებებით პატიმრობაში არიან.
R.E.M.-მა განაცხადა, რომ გამოუშვებს შეზღუდული ტირაჟის ნარინჯისფერ ვინილის ჩანაწერს სინგლით Radio Free Europe. შემოსავალი რადიო თავისუფლების ფონდს გადაეცემა.
· რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება დამოუკიდებელი მედიაკორპორაციაა, რომელიც 1953 წელს დაარსდა და აშშ-ის კონგრესის მიერ ფინანსდება გლობალური მედიის სააგენტოს მეშვეობით.
· რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების ყოველკვირეული აუდიტორიაა თითქმის 50 მილიონი ადამიანი 23 ქვეყანაში.
· რადიო თავისუფლების ქართულმა სამსახურმა მაუწყებლობა 1953 წლის 18 მარტს დაიწყო.

ასევე დაგაინტერესებთ

“ძვირფასო ბელარუსებო, თავი შეიკავეთ დღეს რუსეთში, განსაკუთრებით სასაზღვრო ოლქებში მოგზაურობისგან. იქ ყოველდღე ვარდება უპილოტო საფრენი აპარატები და მსგავსი უსიამოვნო შემთხვევები ხდება”