ჯაფარიძე: ლარსთან $2.5 მლნ-იანი აპარატურა აგდია უპატრონოდ, რადგან აშშ-მა შეგვიჩერა დახმარება
კოალიცია ერთიანობის წევრის, გია ჯაფარიძის განცხადებით, ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მოწოდებული აპარატია გაჩერებული, მიზეზი კი ისაა, რომ აშშ-მა საქართველოს დახმარება შეუჩერა.
ამის შესახებ ჯაფარიძემ ფორმულას ეთერში ისაუბრა.
"2 საათის წინ გავიგე, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ერთ-ერთი დახმარება ყოფილა ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე, სადაც საბაჟოც არის, ისეთი აპარატის დამონტაჟება, რომელიც შეძლებს, შეამოწმოს, მათ შორის, მანქანები. ეს აპარატურა 2.5 მილიონი დოლარის ღირებულების უკვე იქ არის, მაგრამ აშშ-ს შეჩერებული აქვს დახმარება და ეს აპარატურა ახლა უპატრონოდ აგდია. ის, რაც ჩვენ უნდა მოგვხმარდეს, მოხმარდეს, მათ შორის, საქართველოს და საქართველოს მოსახლეობის უსაფრთხოებას, ეს ქართული ოცნების პოლიტიკის შედეგად არის გაჩერებული", - განაცხადა ჯაფარიძემ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.