ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ჯარის ბანაკი 2025″ დასრულდა

„ჯარის ბანაკი 2025″ დასრულდა

საქართველოს თავდაცვის ძალების გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიასა და პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის სამთო მომზადების სკოლაში „ჯარის ბანაკი 2025“ ოფიციალურად დასრულდა.
თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ მოსწავლეებსა და ინსტრუქტორ-სერჟანტებს სიტყვით მიმართა. მან ახალგაზრდებისთვის მსგავსი პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა და სამხედრო ინსტრუქტორებს ბანაკის წარმატებით განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა. დამსწრე აუდიტორიას სიტყვით, ასევე მიმართა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლევან ღირსიაშვილმა.
პროექტის განხორციელებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სამახსოვრო დაფები გადაეცათ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საპატრიარქოს, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსა და ქართული იარაღის მუზეუმის წარმომადგენლებს, ასევე პროექტში ჩართული თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის მეთაურებს.
წელს „ჯარის ბანაკი“ კოჯორსა და საჩხერეში რვა ნაკადად განხორციელდა. ბანაკმა მე-9, მე-10 და მე-11 კლასების 1700-მდე მოსწავლეს უმასპინძლა. საცეცხლე, ტოპოგრაფიის, სამხედრო ნავიგაციის, პირველადი სამედიცინო დახმარების, თვითგადარჩენის, საინჟინრო და სამთო მომზადებასთან ერთად, მოსწავლეებმა უპილოტო საფრენი აპარატების მართვაც შეისწავლეს.
პროექტში აქტიურად იყო ჩართული საქართველოს საპატრიარქო, რომლის წარმომადგენლები მართავდნენ შემეცნებით-საგანმანათლებლო ღონისძიებებს, რაც ახალგაზრდებში სულიერი ღირებულებების განმტკიცებას ისახავდა მიზნად.
„ჯარის ბანაკი“ ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და ქართული ჯარის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდას ისახავს მიზნად.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.