ჯარისკაცის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით 3 სამხედრო დააკავეს
გორის რაიონის სოფელ ახალშენში სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის საქმეზე, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით, სამ პირი დააკავეს.
გამოძიების ვერსიით, სამხედრო მოსამსახურეებისთვის ცნობილი გახდა მათი თანამშრომლის პირადი მიმოწერის შესახებ ბრალდებულების მეგობრის მეუღლესთან, რის გამოც მათ აღნიშნულ თანამშრომელზე შურისძიება და მისი დასჯა გადაწყვიტეს. ბრალდებულებმა თანამშრომელს 11 იანვარს, გორის რაიონის სოფელ ახალშენში, საცხოვრებელ სახლთან მიაკითხეს და მასზე ფიზიკურად იძალადეს, ჩადენილი საქციელის აღიარებას აიძულებდნენ და ამ ინფორმაციის გამჟღავნებით, ასევე სამხედრო ნაწილში აღნიშნულზე არაფორმალური რეაგირებით ემუქრებოდნენ.
გამოძიების თანახმად, სამივე ბრალდებულის მიერ მუქარისა და სასტიკი მოპყრობის გამო, რომ დაზარალებული შემთხვევის ადგილიდან გაიქცა და მოგვიანებით იგი ჩამომხრჩვალი იპოვეს.
დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) წარედგინათ. პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართავს. შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
ამ თემაზე:
საცხოვრებლის მახლობლად იპოვეს – თავდაცვის სამინისტრო დაღუპულ ჯარისკაცზე
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.