ლევან მაჭავარიანის განცხადებას, რომელშიც „ქართული ოცნების“ დეპუტატი ოპოზიციური პარტიების შესაძლო აკრძალვასა და 2028 წლის არჩევნებამდე მათ „გადალაგებაზე“ საუბრობს, ოპოზიციაში პასუხობენ. ხელისუფლების ოპონენტები მაჭავარიანის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ და აცხადებენ, რომ მმართველმა პარტიამ ყურადღება ქვეყანაში არსებულ სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებზე უნდა გაამახვილოს.
„ლელო – ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელი სალომე სამადაშვილი მაჭავარიანის განცხადების საპასუხოდ ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო პროცესებზე საუბრობს. მისი თქმით, ხელისუფლებისთვის მთავარი გამოწვევა ოპოზიციური პარტიები კი არა, სხვადასხვა რეგიონში მოქალაქეების მზარდი უკმაყოფილება უნდა იყოს.
ყოველ დღე და საქართველოს სხვადასხვა წერტილებში არის ახალი კერა საზოგადოებრივი აღშფოთების და საზოგადოებრივი პროტესტის ქართველი ხალხისგან, რომელიც მიატოვა ამ მმართველმა რეჟიმმა მარტო საკუთარი პრობლემების წინაშე და კორუფციით დაკავებული ივანიშვილის რეჟიმი სულ უფრო ამძიმებს საქართველოს ყველა მოქალაქის ყოფა, მათ შორის იმ ხალხის, ვინც ჯერ კიდევ ხმა მისცა უკანასკნელ არჩევნებში “ქართულ ოცნებას”. ასე რომ, ბევრად მეტს ვიფიქრებდი, ვიდრე ოპოზიციური პარტიების გამოწვევაზე ჩვენს ქვეყანაში, – ამბობს სალომე სამადაშვილი.
ლევან მაჭავარიანის განცხადებას ეხმაურება გახარიას გუნდის წევრი გიგა ფარულავაც. ის დეპუტატის მიერ გავრცელებულ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ხელისუფლება ამ გზავნილებით მედიაკამპანიის წარმოებას ცდილობს.
ფაქტია, რომ დააწერინეს, დაადებინეს მაჭავარიანს ეს კონკრეტული განცხადება და ცდილობე ამით მედიაპროპაგანდა ააგორონ… თუ თავისი დაწერილია, რავიცი, აბა, ჯანმრთელობის ფასი ნამდვილად არაფერია და ვუსურვებ, დროულად მიმართოს შესაბამის უწყებას. მიმოიხედონ გარშემო, ჩაიხედონ თავიანთ გულებში. ყველაზე მეტი ლგბტ პროპაგანდის თუ ლგბტ თემის წარმომადგენელი თავიანთ გუნდში ჰყავთ, ნაცებით სავსე არიან. 4 ოქტომბერს რაც შეეხება, 4 ოქტომბერი თვითონ დაგეგმეს, – ამბობს გიგა ფარულავა.
მაჭავარიანის ბრალდებებზე პასუხის გაცემას არ აპირებს ენმ-ს წევრი პეტრე ცისკარიშვილი. ის ასევე უარყოფს გიორგი გახარიას პარტიასთან პარტნიორობას და აცხადებს, რომ ამ ორ პოლიტიკურ ძალას შორის იდეოლოგიური კავშირი არ არსებობს.
არანაირ პასუხს არ ვაპირებ აბსურდულ ბრალდებებზე. გახარიას პარტიის პარტნიორები ჩვენ რანაირად ვართ, ეს ამომრჩეველმა ძალიან კარგად იცის. გახარიას პარტია არის ერთგვარი ქოცური დაჯგუფება, რომელიც თავის ქოცებს წაეჩხუბა. ახლა ღარიბაშვილმა რომ პარტია შექმნას, ის ჩენთან იქნება ასოცირებული იდეოლოგიურად, მისწრაფებებით?, – ამბობს პეტრე ცისკარიშვილი.
„ქართული ოცნების“ დეპუტატი ლევან მაჭავარიანი ოპოზიციური პარტიების შესაძლო აკრძალვაზე საუბრობს. ვრცელ პოსტში ის წერს, რომ 2028 წლამდე „გარე ძალები“ ოპოზიციის „გადალაგების ახალ სქემებს“ შეეცდებიან, თუმცა მათ წინ „აგენტურული პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული“ სასამართლო პროცესი აქვთ.
მაჭავარიანი ოპოზიციური პარტიების უმრავლესობას „უცხო ძალების მორჩილებაში მყოფ აგენტურულ ჯგუფებად“ მოიხსენიებს და განსაკუთრებულად „ლელოსა“ და გიორგი გახარიას პარტიაზე საუბრობს — პირველს „ნახევრად რადიკალად“, მეორეს კი „ვითომ კონსტრუქციულ ძალად“ მოიხსენიებს.



