ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჯანდაცვის სამინისტრო: აქციაზე დაშავებული 11 მოქალაქე მოხვდა კლინიკაში, მათგან ექვსი პოლიციელი იყო

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, "აგენტების კანონის" წინააღმდეგ 30 აპრილს გამართული აქციის დარბევის შემდეგ სხვადასხვა კლინიკაში სამედიცინო დახმარების მისაღებად გადაიყვანეს 11 მოქალაქე - მათგან ექვსი პოლიციელი იყო. როგორც სამინისტროს პრესსამსახურმა უთხრა რადიო თავისუფლებას, მათგან რამდენიმემ უკვე დატოვა სამედიცინო დაწესებულება.
ცნობილია, რომ კლინიკიდან გამოწერილებს შორის არის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, რომელიც სასტიკად სცემეს აქციის ღამეს. მას ცხვირის ოპერაცია ჩაუტარდა.
საქართველოს პარლამენტის უმრავლესობამ „აგენტების კანონი" (კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ) პირველი მოსმენით 17 აპრილს მიიღო. კანონპროექტის გაწვევის მოთხოვნით მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების მიუხედავად, 30 აპრილს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე დაიწყო პროექტის მეორე მოსმენით განხილვა.
30 აპრილის ღამეს საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმელებმა გამოიყენეს სპეციალური საშუალებები, ე.წ. წიწაკის სპრეი, ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი.
შსს-მ განაცხადა, რომ „კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება" მას შემდეგ დაიწყო, რაც „აქციის მონაწილეთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს" და მონაწილეები სამართალდამცველებს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.