ხშირად ავიწყდებათ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ და მათ გაეროს ტრიბუნიდან ამასაც შეახსენებს პრეზიდენტი

ხშირად ავიწყდებათ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ და მათ გაეროს ტრიბუნიდან ამასაც შეახსენებს პრეზიდენტი
„ეს ვიზიტი კარგი შესაძლებლობაა იმის, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, რომელიც წარმოადგენს როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას (ის მთელი ქვეყნის წარმომადგენელია), ოფიციალურ ტრიბუნაზე ხმამაღლა განაცხადოს, თუ რა ღირებულებებზე დგას საქართველო და რისკენ მივისწრაფვით ჩვენ,“ – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ამერიკაში ვიზიტის შეფასებისას.
დეპუტატის თქმით, პრეზიდეტის ამერიკაში ვიზიტი ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში გარკვეულ დადებით შედეგს მოიტანს, თუმცა რაიმე თვისობრივი ხასიათის ცვლილებებს არ ელოდება.
„ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს. ბოლო თვეებში ვიხილეთ სხვადასხვა სენატორის, პირველ რიგში კი, ჯო ვილსონის, ასევე საქართველოდან ჩასული აგენტურის მხრიდან გავრცელებული დეზინფორმაცია, ცრუ ბრალდებები და მანიპულაციური განცხადებები საქართველოს და ქვეყნის ხელისუფლების წინააღმდეგ.
ეს ვიზიტი კარგი შესაძლებლობაა იმის, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, რომელიც წარმოადგენს, როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას (ის მთელი ქვეყნის წარმომადგენელია), ოფიციალურ ტრიბუნაზე ხმამაღლა განაცხადოს, თუ რა ღირებულებებზე დგას საქართველო და რისკენ მივისწრაფვით ჩვენ.
რამდენადაც ვიცი, მიხეილ ყაველაშვილის სიტყვა გაჯერებული იქნება მშვიდობის მნიშვნელობაზე ხაზგასმით, ასევე ხაზგასმული იქნება იმ როლის შესახებ, რომელიც საქართველომ მშვიდობის შენარჩუნებისთვის გასწია. პრეზიდენტის მესიჯები მნიშვნელოვანი იქნება ტრამპის ადმინისტრაციისთვის, რომელიც ცდილობს მშვიდობის შენარჩუნებას და მის დამყარებას, ისეთ ცხელ წერტილებში, როგორიც ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაშია.
ეს ვიზიტი, რა თქმა უნდა, კარგი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ ქვეყნის პირველი პირისგან მოისმინონ ჩვენი პოზიცია. მიხეილ ყაველაშვილს ექნება შესაძლებლობა შეხვდეს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს და ორმხრივი შეხვედრების ფორმატში დეტალურად აუხსნას მათ ჩვენი მიზნები, ამოცანები, ღირებულებები და ის, თუ როგორ ვაფასებთ მშვიდობას, რა ძალისხმევა გავწიეთ ამისთვის წარსულში, ან ახლა რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ.
ასევე მნიშვნელოვანია და ხშირად ავიწყდებათ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, მეგობრებს თუ დაუძინებელ მეგობრებს, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ – ეს რატომღაც ძალიან ხშირად მხედველობის მიღმა რჩებათ. ამის შესახებაც იქნება შეხსენება, განსაკუთრებით იმ ხალხისათვის, რომლებიც ცდილობენ საქართველო ჩართონ არაკეთილგონივრულ და დაძაბულ ესკალაციაში რუსეთთან.
ეს ვიზიტი მოიტანს გარკვეულ დადებით შედეგებს, მაგრამ არ ველოდები, რომ რაიმე თვისობრივი ხასიათის გარდამტეხი ცვლილებები მოხდება, თუმცა პროგრესი აუცილებლად იქნება,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჰესებსაც ავაშენებთ, კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება, სახელმწიფო დღეს არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, სახელმწიფოს დღეს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში

დავით ქართველიშვილი: ერთი შეხედვით, აშშ და ისრაელი კვლავაც ერთიან პოზიციაზე რჩებიან მთელ რიგ საკითხებში, თუმცა მოკავშირეობრივი რიტორიკის მიღმა სულ უფრო აშკარად იკვეთება დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკური კალენდრების შეჯახება