ხმების 99.9% დათვლილია - საპარლამენტო არჩევნებში 5%-იანი ბარიერი ხუთმა პარტიამ გადალახა

ხმების 99.9% დათვლილია - საპარლამენტო არჩევნებში 5%-იანი ბარიერი ხუთმა პარტიამ გადალახა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხმების 99.9% დათვალა. საბოლოო მონაცემების მიხედვით, 5%-იანი ბარიერი ხუთმა პარტიამ გადალახა.
ცესკომ 3 111 უბნიდან 3 109 უბანი დათვალა. დასათვლელი მხოლოდ 1 უბანი დარჩა. მარნეულის #69 უბანი, ბიულეტენების მასობრივი ჩაყრის კადრების გავრცელების შემდეგ გაუქმდა. ფაქტზე შსს-მ გამოძიება არჩევნების გაყალბების მუხლით დაიწყო.
არჩევნების შედეგების მიხედვით, საპარლამენტო უმრავლესობა მმართველმა პარტიამ მეოთხედ მოიპოვა.
უფრო კონკრეტულად მანდატები ასე გადანაწილდება:
· "ქართული ოცნება" - 54,93%. 89 მანდატი;
· "კოალიცია ცვლილებისთვის: ახალი, დროა, გირჩი - მეტი თავისუფლება" - 10, 92% 18 მანდატი;
· ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა - 10.1% 17 მანდატი;
· ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის - 8.8%. 14 მანდატი;
· გახარია საქართველოსთვის - 7.7%. 12 მანდატი.
შეგახსენებთ, დღეს, 26 ოქტომბერს, საქართველომ XI მოწვევის პარლამენტი აირჩია. ქვეყნის ისტორიაში ეს პირველი საპარლამენტო არჩევნებია, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდა - პარლამენტის 150-ვე მანდატი პროპორციული წესით იმ საარჩევნო სუბიექტებს შორის განაწილდა, ვინც 5%-იან საარჩევნო ბარიერს გადალახავს. ასევე პირველად, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ელექტრონული არჩევნებია, სადაც ამომრჩეველთა დაახლოებით 90%-მა ხმა ელექტრონული მოწყობილობების მეშვეობით მისცა. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენდა. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით კი არჩევნებში 3 113 747 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში 18 საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობდა.
სად წავა და როგორ გადანაწილდება ბარიერს მიღმა დარჩენილ პარტიებზე მიცემული ხმები, გაიგეთ აქ
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს საერთაშორისო ორგანიზაციის 1700-ზე მეტი და ადგილობრივი ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი დამკვირვებელი დააკვირდა. საარჩევნო პროცესს დააკვირდება 76 საერთაშორისო ორგანიზაციის 1700-ზე მეტი დამკვირვებელი, 111 ადგილობრივი ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი დამკვირვებელი, ასევე პროცესს აშუქებდა 199 მედია ორგანიზაციის 2800-ზე მეტი წარმომადგენელი. ჯამში წელს საპარლამენტო არჩევნებს 24 700 ქართველი და უცხოელი დამკვირვებელი დააკვირდა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.