ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ლევან გამრეკელი, რომელსაც გამოძიება 5 მლნ ლარის ღირებულების სახელმწიფო ქონების უკანონოდ მითვისებას ედავება, პატიმრობიდან 10 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ინფორმაციას “ქართლის ამბები” ავრცელებს.
ასევე 10-10 ათას ლარიანი გირაო შეუფარდეს დანარჩენ 2 პირს – პაატა ნოზაძეს და რომან მეტივიშვილს, რომლებიც ლევან გამრეკელთან ერთად იყვნენ დაკავებულნი, როგორც ორგანიზებული ჯგუფის წევრები.
აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით მხარეებმა სასამართლოს მიმართეს. შუამდგომლობას პროკურატურაც დაეთანხმა, რის შემდეგაც სასამართლომ გამრეკელი და კიდევ 2 პირი პატიმრობიდან გაათავისუფლა.
ლევან გამრეკელი პატიმრობაში 2025 წლის ნოემბრიდან იმყოფებოდა.
პროკურატურის ცნობით, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ლევან გამრეკელი, პაატა ნოზაძესთან და რომან მეტივიშვილთან ერთად, 2020-2023 წლებში ფარულად დაეუფლნენ შიდა ქართლის რეგიონის ტერიტორიაზე არსებულ 5 000 000 ლარის ღირებულების, სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს, რის შედეგადაც სახელმწიფოს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი მიადგა.




