ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ხათუნა აბაშიძე: ქართველისთვის სამშობლოს იქით ცხოვრება არსებობაა

News.ge აგრძელებს რუბრიკას - ქართველი ემიგრანტები.

გთავაზობთ ინტერვიუს აშშ-ში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტთან, ხათუნა აბაშიძესთან.

ხათუნა, რამდენი ხანია რაც შეერთებულ შტატებში ცხოვრობთ...  გვიამბეთ, როგორ გაიარეთ გზა საქართველოდან ამერიკამდე? 

მოგესალმებით, მივესალმები თქვენს მკითხველს. ეს კითხვა ხშირად ისმის ჩემთან მიმართებაში, ყველას აინტერებს რა გზა გავიარე. რიცხვი არც თუ ისე მწირია, მთელი 26 წელია რაც მეგაპოლისში ვცხოვრობ და არ მახსენდებს არც ერთი რიჟრაჟი რომ ამ დროის მანძილზე მე პარალელურად საქართველოში არ ვიყო. ქართველს არ შეუძლია ქვეყნის შეცვლა ასე ადვილად, კოსმოპოლიტები თითქმის არ მოიძებნება ჩვენში. ეგ კი არა, ამერიკაში დაბადებული ბავშვებიც საქართველოთი სუნთქავენ. ჩემი გზა ამერიკამდე რთული არ იყო. ბედი და იღბალი სულ თან დამდევდა, თავისებურად. ექიმის ხალათზე ვოცნებობდი და წითელი დიპლომის აღებისთანავე ძალიან მალე გადავწყვიტე რომ ფრთები ფართოდ გამეშალა. ჩემი სოჭელი მამიდაშვილები თავისთან „მექაჩებოდნენ“ პირადი ექიმი გვინდა და აქ იცხოვრეო, მაგრამ მიუხედავად იმისა რომ ლამის გაზრდილი ვარ სოჭში ქართველების გარემოცვაში, ჩემი თავისფლებამოწყურებული სული ამერიკისკენ მიიწევდა. ბნელი 90-იანები იყო, ფინანსურად ჩემს ოჯახს არ გაჭირვებია, მაგრამ როგორ შეიძლება იმ ქვეყანაში ბედნიერად იცხოვრო, სადაც ყოველ მეორეს ლუკმა ენატრებოდა, 6 საათის მერე გასვლა საშიში იყო... მოკლედ ამერიკისკენ ავიღე გეზი და ეს არ იყო ადვილი სათქმელი მშობლებისთვის. ვიზა 108$ ღირდა და რადგანაც მშობლებს ვერ უმხელდი, თანხა ვისესხე. კოლმეურნეობის მოედანთან იყო საკონსულო და ცოცხალი რიგით გიშვებდნენ. დილის 5 საათზე მე და ჩემი და რიგში ჩავდექით და 23-ე ვიყავი რიგში. მოუთმენლად ველოდებოდით ჩვენს რიგს. მე ვნერვიულობდი ძალიან, მაგრამ ჩემმა დამ ძალიან დარწმუნებით მითხრა რომ ვიზა უკვე ხელში მეჭირა და უცბად ისეთი რწმენა ჩამესახა გულში, თავდაჯერებული შევედი და კონსულს როგორც მეგობარს ისე ვესაუბრებოდი. მან გამიღიმა, Welcome in my country მითხრა და ფურცელი გამომიწოდა. მეც ფრთაშესხმული გამოვედი. იმ დღეს 490 ადამიანიდან ორს ჩაგვირტყეს ვიზა, მე და გიორგი ბარამიძეს (პარლამენტის წევრი იყო იმ დროს). ვიზის ამბავი რომ მოვაგვარეთ, მშობლებთან გამხელა იყო ძალიან მტკივნეული. როგორც იქნა გავუმხილეთ და ისე უდარდელად მიიღეს ეს ჩემმა მშობლებმა რომ მე გაოცებული დავრჩი. თურმე ჩემები დარწმუნებულები იყვნენ რომ ვიზას ვერ ავიღებდი, რადგან სულ ესმოდათ ირგვლივ რომ არავის არ ურტყავდნენ. ხოდა როცა ისიც შეიტყვეს რომ მე ბეჭედი უკვე პასპორტში მერტყა და ამ ვიზის ფული ნასეხები იყო, ერთ წუთში ვნახე როგორ „ბერდებიან“ ახალგაზრდა მშობლები. მე გავამხნევე ისინი რომ აუცილებლად ვისწავლიდი ამერიკაში, ჩავაბარებდი ექიმის გამოცდებს და ყველაფერი კარგად იქნებოდა, თუმცა რა ვიცოდი მე რომ ამ ყველაფერს უზარმაზარი თანხები უნდოდა და ჩემი შემართება და მონდომება ამაო იქნებოდა...
ხათუნა აბაშიძის მშობლები

დღევანდელი გადასახედიდან, ვფიქრობ, თქვენი ცხოვრება ემიგრაციაში მეტ-ნაკლებად იოლია.  გვერდით გყავთ მშობლები, და და ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნება, დისშვილი თომა... რა არის თქვენთვის თომას აღზრდაში ყველაზე მთავარი, რა იცის მან საქართველოს შესახებ?

ემიგრაციაში ცხოვრება არასდროს არის ადვილი, მაშინაც როცა მილიარდელი ხარ, თანამდებობაზე ხარ, აღიარებული და ცნობადი ხარ. ქართველისთვის სამშობლოს იქით ცხოვრება არსებობაა. ემიგრაციის პირველი წლები ჩემმა მეგობრებმა გადამატანინეს უმტკივნეულოდ. საერთოდაც, ჩვენ ერთმანეთს გადავატანინეთ უსამშობლოობა, ოჯახის გარეშე, და ბევრი რამის გარეშე ყოფნა. მერე თანდათანობით ეჩვევი ყველაფერს, წლების მერე ცოტა რომ მოვძლიერდით დავიწყეთ ოჯახების გაერთიანება, პირველი დედა ჩამოვიყვანე, მერე მამა, მერე ჩემი დის ოჯახი შემოუერთდა ექსტრაორდინალური ქეისით. ამერიკაში დაიბადა უკვე თომა ბიჭი. თომა იზრდება ქართველად, გამართულად, სალიტერატურო ქართულით საუბრობს. 3 წლამდე მხოლოდ ქართული მეტყველება ესმოდა. 3 წლიდან როცა ბაღში შევიყვანეთ, ერთ თვეში აკრძალა ქართული საუბარი. მხოლოდ ინგლისურად ელაპარაკებოდა ყველას. ძალიან შევშფოთდით, რადგან უამრავი მაგალითი გვქონდა წინ, როცა ემიგრაციაში ქართველი ბავშვი პრინციპულად არ საუბრობს ქართულად. ჩემმა დამ მკაცრად განაცხადა, რომ სახლის ზღურბლიდან ჩვენ უკვე საქართველოში ვიყავით და ყველას ეკრძალებოდა სხვა ენაზე საუბარი. თომას ძალიან გაუჭირდა. მაგრამ ჩვენ პრინციპულად არ ვცემდით პასუხს და არ ვრეაგირებდით მის ინგლისურზე. ახლაც მხოლოდ ქართულად ვსაუბრობთ. რაც სკოლაში მივიდა (მოსამზადებელი კლასი დაამთავრა წელს) უფრო გაუჭირდა წინადადების დაწყობა, კალკასავით თარგმნიდა და ისე გადმოსცემდა აზრს. დილის 8 საათიდან 4 საათამდე სკოლაში იყო, მხოლოდ ინგლისური მეტყველება ესმოდა ყველასგან, შინ მხოლოდ ინგლისურ წიგნებს კითხულობდა (დავალებებს ვგულისხმობ), თუმცა ნელ-ნელა დავძლიეთ ეს სირთულეც და მგონი გადავლახეთ ეს ურთულესი პრობლემა. მომავალი წლიდან ვგეგმავთ რომ ყოველ წელს ზაფხულის არდადეგები საქართველოში გაატაროს, ქართველ ბავშვებთან იკონტაქტოს, შეიგრძნოს მიწის ყივილი, მშობლიური გარემო, მეზობელების სითბო, მეგობრების ერთგულება და ა.შ. თომა ამბობს რომ ძალიან ბედნიერია რადგან ყველას ერთი დედა ჰყავს და მას ორი, ძალიან ვუყვარვარ და საკუთარი დედისგან არ მარჩევს. მთელს ოჯახს ძალიან გვინდა და გვჯერა, რომ თომა თავის სიტყვას იტყვის, ჩვენი აღზრდა და შემართება უკვალოდ არ ჩაივლის, მით უფრო რომ ყველა პირობა აქვს ამისთვის. არათუ კლასში, არამედ მთელი მოსამზადებელი კლასების ( 3 კლასია ასეთი) გამორჩეული მოსწავლეა. სკოლაში რომ მიდის ჩემს დას თანაკლასელის მშობლები აჩერებენ და საქებარ სიტყვებს ეუბნებიან თომაზე, მართლა ძალიან გონიერია და უამრავი რამ იცის, რადგან ახლის შეცნობა და წყურვილი აქვს, სულ მუდამ იმის ძიებაშია რომ რამე გამოიკვლიოს, რამე გაიგოს. ბიბლია უკვე რამდენჯერმე აქვს წაკითხული. ინგლისურად თავად კითხულობს, ყოველ საღამოს დედას აკითხებს ქართულად. ძალიან დიდი სურვილი აქვს ისრაელი მოილოცოს და მაცხოვრის ტაძარში შევიდეს და წმინდა ადგილები მოინახულოს.

თომა

ვინ არის თქვენი ცხოვრების მეგზური, გვიამბეთ მეუღლის შესახებ

ჩემი მეუღლე, შეიძლება ითქვას, ჩემი ნამდვილი მეორე ნახევარია, მის ნეკნად ვარ მოვლენილი, ალბათ. დამეთანხმებით, რომ ძნელია იმ ადამიანის პოვნა, რომელზეც მერე დარწმუნდები რომ ნამდვილად ერთ ხორც და ერთ სულ ხართ. მალხაზ ჟორჟოლაძემ იურიდიული ფაკულტეტის მერე 31 წელი იმუშავა პოლიციის აკადემიაში და საკუთარი კარიერა დაასრულა მხოლოდ იმის გამო რომ ერთად გაგვეგრძელებინა ცხოვრების წლები. ჩემთვის ბევრ რამეში სტიმულის მომცემია და მისი სახით შევიძინე სულიერი მეგობარი. ხომ გაგიგიათ, შენთხვევით ხიდან ფოთოლიც არ ვარდებაო, ხოდა მეც ვფიქრობ, რომ განგებამ შეგვახვედრა ერთმანეთს. ხშირად ვემადლიერები უფალს რომ ის ჩემო საუკეთესო ნახევარია( Better half ამერიკაში ასე იციან). ის გავიცანი წლების წინ, ახალნაოპერაციები და დეპრესიული და მეტად მძიმე პერიოდი ჰქონდა. ჩემმა მისდამი თბილმა ურთიერთობამ, მომავლის იმედის ჩასახვამ დაანახა რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. დღეს ის თავს კარგად გრძნობს და ჩემთან არის. მადლიერია ჩემით და ამას ყოველდღიურად მახსენებს დილის ლოცვების მერე. ძალიან მეამა და მესალბუნა გულზე როცა გავიგე მისი სიტყვები მეგობრებთან საუბრისას: ხათუნამ ჩემი ცხოვრება ისე შემოაბრუნა უკეთესობისკენ რომ გული რომ დაჭირდეს, გულს მივცემო! დამეთანხმებით, როცა გიყვარს ადამიანი, შეუძლებელს შეძლებ და ყველა დაბრკოლებას გადალახავ. მოვეფეროთ და ხშირად ჩავეხუტოთ ერთმანეთს, ვუთხრათ რომ გვიყვარს და ძვირფასია ის ჩვენთვის!

ხათუნა აბაშიძე მეუღლესთან, მალხაზ ჟორჟოლაძესთან ერთად

ხათუნა, ჩემთვის ცნობილია თქვენი, თამამად შემიძლია ვთქვა, ქველმოქმედების შესახებ. ბევრ ადამიანს ეხმარებით საქართველოში, უანგაროდ აკეთებთ უამრავ სიკეთეს... ფიქრობთ, რომ სხვაგვარად ცხოვრება არ შეგიძლიათ?

ჩვენ ქრისტიანი ადამიანები ვართ და ბიბლია ბევრ რამეს „გვავალდებულებს“. განა ყოველი ჩვენთაგანი უფლის ხელში კოვზი არ ვართ?! როცა კოვზი სავსეა საჭმლით უნდა დავაპუროთ მოძმე. მადლობა შემოქმედს, რომ იმის საშუალება მომცა სხვებს სიხარული მივანიჭო. გულწრფელად გეუბნებით, გაცემით ერთიორად ვხარობ მე. გაგიმხელთ და გეტყვით, მყავს 33 ნათლული.  ყოველთვის ძალიან განვიცდი სხვების გაჭირვებას, უიმედო მდგომარეობას. არასდროს მინდოდა ვინმესთან პრივილეგირებული ვყოფილიყავი. სკოლაში სიარულის დროიდან მე, დედას და ჩემს დას ერთი ზომის ფეხი გვქონდა, ამიტომ დღესაც და მაშინაც ერთმანეთის ფეხსაცმელებს ვატარებდით. ერთხელ ჩემმა კლასელმა მითხრა, შენ რა ნაირნაირი ფეხსაცმელები გაცვიაო. მე ისე შემრცხვა, ჯობდა მიწა გამსკდომოდა. ბიჭი იყო, თორემ აუცილებლად გავიხდიდი და ვაჩუქებდი იმ ჩექმებს რომელიც მოეწონა და რომელმაც ათქმევინა ეს სიტყვები. ის წელი მხოლოდ ერთი ფეხსაცმლით ვიარე. სტუდენტობისას ხშირად ყოფილა რომ ერთი თვის სამყოფი მშობლების მოცემული თანხა ჩამომირიგებია ქუჩაში მყოფი უმწეო ადამიანებისთვის. ჩვენ თბილისში ძველ უბანში ვცხოვრობდით, სადაც ლამის მიჯრითაა მიწყობილი ეკლესიები სიონიდან დაწყებული. 90-იანი წლების დასაწყისში უამრავი ადამიანი ითხოვდა დახმარებას და ასე ვარიგებდი ფულს და ყოფილა შემთხევა რომ სამედიცინო უნივერსიტეტამდე ფეხით მივლია რადგან გზის ფული აღარ მრჩებოდა. როცა ჩემს მშობლებს ეუბნებიან ჩემი ქმედებების შესახებ, მამა ხშირად იხსენებს ამბავს: სულ პატარა, ალბათ თომას ასაკის, ან უფრო პატარა როგორ მივვარდი მანქანაში მომლოდინე მამას გულამოსკვნილი ტირილით და როგორ ვთხოვე თანხა, რადგან ერთი ახალგაზრდა დედიკოს პატარა გოგონათი ლუკმა-პურს ითხოვდა. სხვათა შორის მაშინ იყო ჩემი პირველი გაცნობიერებული შეხვედრა გაჭირვებულ ადამიანთან. ქველმოქმედების რა გითხრათ, ერთი კია, მე ძალიან მჯერა რომ ყველა ჩვენი ქმედება ბუმერანგივით გვიბრუნდება უკან, ამიტომ ყოველთვის ვცდილობ რომ ამ დევიზით ვიხელმძღვანელო: „მადლი ქენი, ქვაზე დადე, გაივლი და წინ დაგხვდება.“  და ბოლოს, აუცილებლად მინდა აღვნიშნო, ძალიან ხშირად მეუბნება ჩემი და რომ არ არის ლამაზი როცა სოციალურ ქსელში გამოვფენ ხოლმე ამ ყველაფერს. (იღიმის - რედ.) ალბათ, უხმოდ, ჩუმად გაკეთება სჯობს და ამ ყველაფერზე დადუმება, მაგრამ ვფიქრობ, სიკეთის კეთება გადამდებია და წამხედურობა ამ შემთხვევაში კარგი რამეა. ბიბლია გვასწავლის, რომ შემოსავლის 10% უნდა გავცეთ, არ აქვს მნიშვნელობა ეს ერთი ლარია, ათასი დოლარი თუ მილიონი ევრო, 10 % არის ქველმოქმედების. და ჩემი პირველი ხელფასიდან მოყოლებული, რომელიც ლეჩკომბინატში მეოთხე სამმართველოში მქონდა - 60 ლარი არის უფლის სახელით გაცემული და ასე იქნება ჩემი სიცოცხლის ბოლომდე, პენსიის ასაკშიც კი.

ასე მგონია, ემიგრაციაში მყოფი ადამიანი მეტ კომპრომისზე მიდის... შეიძლება ნოსტალგიის ბრალია თუმცა, მაინც გკითხავთ - რას ვერ აპატიებთ ადამიანს

ემიგრაცია ნამდვილად ცვლის ადამიანს მენტალურად. ბევრი რამის ხედვას გასწავლის, უფრო მგრძნობიარეც ხდები, სამშობლო გიყვარდება უზომოდ და მუდმივ მონატრების რეჟიმში ხარ. თქვენს კითხვაზე კი ზუსტად გიპასუხებთ, არ არსებობს ქმედება რომ მე არ ან ვერ ვაპატიო ადამიანს. მამა ღმერთმა ერთადერთი ძის - უფალი იესოს „ჯვარზე გაკვრა აპატია“ კაცობრიობას და მე, უბრალო მოკვდავი ვინ ვარ რომ ვინმეს რამე არ შევუნდო და არ ვაპატიო. ხშირად ამბობენ რომ გატეხილი ჭურჭელი შეწებების მერე ვეღარ გამთელდება. მე გეტყვით რომ გამრთელდება, გააჩნია რომელ ტექნოლოგიას გამოიყენებთ. ჩემს გონებას ძალუძს ძალიან ადვილად წაშალოს ცუდი და გამოკეტოს იმ უჯრედში, რომელიც უკვალოდ გაქრება ჩემი მეხსიერებიდან. ისედაც ისეთი მცირეა ჩვენი ამ ქვეყნად სიცოცხლის წლები და უფრო რატომ შევამოკლოთ ჩვენი ქმედებით. გამჩენმა კი შეგვქმნა თავის ხატად და სადარად, მაგრამ მაინც უბრალოდ მოკვდავნი ვართ და შეცდომები ბევრი გვექნება ცხოვრებაში. ამიტომ აუცილებლად უნდა მივუტევოთ ერთმანეთს.

ხათუნა აბაშიძის დედა, ლალი აბაშიძე და დისშვილი თომა

რას უსურვებდით საკუთარ თავსა და იმ ადამიანებს ვინც ძალიან გიყვართ

ბანალური ვიქნები და ვიტყვი რომ ჯანმრთელობა, ბედნიერება და სიკეთე. ძალიან მინდა რომ ჩემი ქვეყანა აყვავდეს და გაიფურჩქნოს. ჩვენი ხალხი იმსახურებს ამას და ნუ შევჭამთ ცოცხლად ერთმანეთს, სულ მუდამ გვახსოვდეს რომ წუთისოფლად მოგვავლინა გამჩენმა და ლამაზი მოგონებები, მადლიანი საქმე და ერთმანეთის სიყვარული უნდა შევკრათ კონებად და ისე დავიმკვიდროთ თავი სასუფეველში - უფლის სამოთხეში. მე თქვენ ყველანი ძალიან მიყვარხართ, რადგან ღმერთია თავად სიყვარული და სწორედაც რომ ამ სიყვარულის ძალით ტრიალებს ირგვლივ ყველაფერი!

მადლობა, წარმატებას გისურვებთ

სპეციალურად საიტისათვის, ნინო ჩხეიძე

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.