წერეთელი ამბობს, რომ განხეთქილება არა შედეგებთან, არამედ პრაიმერიზის პროცესთანაა კავშირში
ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელი ფორმულასთან საუბრისას ამბობს, რომ პარტიაში განხეთქილების მიზეზი არა პრაიმერიზის შედეგები, არამედ პრაიმერიზის ჩატარების პროცესი გახდა.
გიგი წერეთელი დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს, თუმცა ამბობს, რომ პარტიაში იყო უთანხმოება უნდობლობის კუთხით, რომელიც პრაიმერიზის ჩატარების პროცესში გამოჩნდა.
"[განხეთქილება] არ უკავშირდება არანაირად პრაიმერიზის შედეგებს, ეს მინდა გითხრათ, რომ ყოვლად უსაფუძვლოა. რატომ უნდა უკავშირდებოდეს, როცა გუნდმა, რომელშიც მე ვიყავი, გაიმარჯვა. პირიქით, მე ვფიქრობ, რომ მეორე მხარეს უფრო მეტი უკმაყოფილება ჰქონდა ამ საკითხში. [...]
უთანხმოებები იყო უნდობლობის [კუთხით], რომელიც ამ პრაიმერიზის პროცესში გამოჩნდა. აქ ვერ გავარჩევთ იმ ტექნოლოგიებს, რომლითაც ხდებოდა გამოვლენა სატელეფონო ჩაკითხვებით დარეგისტრირებულ დელეგატებთან და ა.შ. - ამან გამოიწვია გარკვეული უთანხმოებები. [საკითხი] გავიტანეთ პოლიტიკურ საბჭოზე და შენ როცა არ მოგწონს, როცა ლიდერი ხარ და შემდეგ აცხადებ, რომ ეს შენთვის მიუღებელია, მოიწვევ ყრილობას და ა.შ. - მუქარები იყოს განხორციელებული, ან რაღაც შურისძიებაზე იყოს საუბარი იმის გამო, რომ ვიღაცის გადაწყვეტილება არ მოგწონს, აბსოლუტურად მიუღებელია.
პრაიმერიზის კენჭისყრის წინა საღამოს პირველი სიის ლიდერი სწერს ყველა მხარდამჭერს, უგზავნის, რომ ის მხარს უჭერს მეორე სიას - ამან გამოიწვია ძალიან დიდი ვნებათაღელვა პარტიაში", - აცხადებს გიგი წერეთელი.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ გიგა ბოკერია და თამარა ჩერგოლეიშვილი ევროპულ საქართველოს ტოვებენ.
გიგა ბოკერიას თქმით, პარტიის ნაწილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა როგორც პრაიმერიზის შედეგები, ისე მისი როგორც თავმჯდომარის პოზიცია პრაიმერიზში მონაწილე გუნდებთან დაკავშირებით.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.