წელს, ძალიან კარგი მოსავალი გვექნება - "ავთანდილის მეღვინეობა"

წელს, ძალიან კარგი რთველი და მოსავალი გვექნება, - ამის შესახებ BM.GE-სთან კახეთში, სოფელ კარდანახში მდებარე „ავთანდილის მეღვინეობის“ დამფუძნებელმა ავთანდილ ირომაშვილმა განაცხადა.
"ყველაზე კარგი სეზონი გვქონდა ბოლო, 10 წლის განმავლობაში. შესაბამისად, საუკეთესო ღვინოებს უნდა ველოდოთ. საუკეთესო ღვინო ყურძნის მტევნიდან იწყება. ამიტომ, წელს გადავწყვიტეთ, რომ წარმოება 40%-ით გაგვეზარდა.
ყველა ჯიში რა სახეობის ღვინოსაც ვაწარმოებთ, არ გვაქვს. შესაბამისად, რამდენიმე ჯიშს, ადგილობრივი მოსახლეობისგან, კარდანახის ვენახებიდან ვყიდულობთ. ჯამში, ადგილობრივი მოსახლეობისგან, 4-5 ტონის ჩაბარებას ვაპირებთ. ძირითადად ალადასტურს და საფერავს, ასევე ცოტა ქისსაც ჩავიბარებთ",- აცხადებს ირომაშვილი.
მისივე განმარტებით, მევენახისთვის, რომელიც ყურძენზეა დამოკიდებული, მისი ფასი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. შესაბამისად, სახელმწიფოსგან რაც მეტი ხელშეწყობა იქნება, მეურნეობების წარმოების ზრდა და განვითარება პროცესების თანამდევი გახდება.
რაც შეეხება სუბსიდირებას, მეღვინე აცხადებს, რომ ყურძნის სუბსიდირება ძალიან კარგია, რადგან ყურძნის გაფუჭებას, სჯობს ვინმემ ჩაიბაროს.
მთავრობა რთველის სუბსიდირების პრაქტიკას აგრძელებს. მიმდინარე წელს ამ მიმართულებით ბიუჯეტიდან ჯამში 85 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება. აქედან 35 მილიონი ლარი კერძო კომპანიების მიერ 1 კგ. რქაწითლის მინიმუმ 1 ლარად ჩაბარებას მოხმარდება, ხოლო 50 მილიონი ლარი - ბაზარზე დარჩენილი ჭარბი ყურძნის სახელმწიფოს მიერ შესყიდვას.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.