ძლიერმა პოლიტიკამ და საზოგადოების მზარდმა ნდობამ რწმენა განამტკიცა ქართული ფულადი ერთეულის – ლარისადმი – რაც ფინანსური სექტორის სტაბილურობას უზრუნველყოფს

ძლიერმა პოლიტიკამ და საზოგადოების მზარდმა ნდობამ რწმენა განამტკიცა ქართული ფულადი ერთეულის – ლარისადმი – რაც ფინანსური სექტორის სტაბილურობას უზრუნველყოფს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ასოციაციის (BACEE) 51-ე საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დღეს საქართველოში განთავსებული ანაბრების უმეტესობა ლარშია, ასე არ იყო 2025 წელს.
„ამ მიღწევას მჭიდროდ უჭერს მხარს ძლიერი ფინანსური სექტორი, რომელიც ეკონომიკის ხერხემალს წარმოადგენს და უზრუნველყოფს სტაბილურობას და ფინანსებზე წვდომას. დღეს სექტორი 19 ბანკისგან შედგება, მათ შორისაა 3 ციფრული და 2 მიკრო ბანკი. ისინი კაპიტალისა და ლიკვიდურობის მყარ პოზიციებს ინარჩუნებენ; აქტივების ხარისხიც მაღალი რჩება, რაც მდგრად ეკონომიკურ ზრდას უწყობს ხელს.
ეს წინსვლა საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზეც აისახება, სადაც წამყვანი ქართული ბანკების აქციებია განთავსებული. ამჟამად, ერთ-ერთი წამყვანი ქართული ბანკი შეუერთდა ფასიანი ქაღალდების FTSE (ანუ Financial Times Stock Exchange) ინდექსის პირველ ასეულს, რომელშიც ლონდონის საფონდო ბირჟაზე რეგისტრირებული 100 უმსხვილესი კომპანია შედის. ამავდროულად, საშუალო ზომის ბანკებიც გამართულად მუშაობენ და ფინანსური მომსახურების მრავალფეროვან სპექტრს სთავაზობენ მომხმარებლებს.
ქართული ბანკები სტაბილურად ფართოვდებიან რეგიონში და თავიანთ გეოგრაფიულ არეალს აფართოებენ. ეს აძლიერებს რეგიონული დაკავშირებადობის უნარს და სულ უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებს მეტად ღრმა ფინანსური ინტეგრაციისა და თანამშრომლობის ხელშეწყობაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა