ცხინვალში დაასაფლავეს უკრაინის წინააღმდეგ ომში დაღუპული მებრძოლი

ოკუპირებულ ცხინვალში დაასაფლავეს ადგილობრივი მცხოვრები ვლადიკ თედეევი, რომელიც ში ს მხარეს, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში იბრძოდა. ოსური მედიის ცნობით, თედეევი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში განთავსებული რუსეთის საოკუპაციო მე-4 სამხედრო ბაზის მოსამსახურე იყო და ცხინვალიდან გაიწვიეს საბრძოლველად უკრაინაში. ისიც ცნობილია, რომ თედეევი მანამდე დაჭრილი იყო და სახლშიც დაბრუნდა, მაგრამ საბრძოლველად ისევ წავიდა. მის დასაფლავებას დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ალან გაგლოევი დაესწრო, რომელმაც სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულის ოჯახს და მეგობრებს.
„ჩვენ ყველას გვინდა, რომ ეს ომი მალე დამთავრდეს და იქ აღარ დაიღუპონ ახალგაზრდები. გუშინ გავიგეთ ჩვენი კიდევ ერთი ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ“, – განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტმა.
ვლადიკ თედეევი 36 წლის იყო. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულებით, ვლადიკ თედეევი, სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა „სამშობლოს დამცველის“მედლით.
ღია წყაროების ინფორმაციით, რუსეთ-უკრაინის ომში დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის 40-მდე მკვიდრი დაიღუპა.
რუსეთის საოკუპაციო მე-4 სამხედრო ბაზაზე კონტრაქტით მომსახურე სამხედროები ცხინვალიდან უკრაინაში, შარშან ორ ეტაპად გაამგზავრეს. გასული წლის 16 მარტს სოციალური ქსელებით სამხედრო ტექნიკის გადაადგილების კადრებიც გავრცელდა. მოგვიანებით 300 ცხინვალელი ჯარისკაცი უკრაინიდან დაბრუნდა და იქ არსებულ საშინელ პირობებზე ალაპარაკდა. ნათესავებისთვის გაგზავნილ ხმოვან შეტყობინებებში ისინი ამბობდნენ, რომ აღჭურვილობისა და ნორმალური ტექნიკის გარეშე, პირდაპირ ბრძოლის ველზე გაუშვეს და მათ „საზარბაზნე ხორცად“ იყენებდნენ.
მე-4 სამხედრო ბაზის დაახლოებით 5000 სამხედრო მოსამსახურიდან, უმეტესობა ადგილობრივი მაცხოვრებელია და არაოფიციალური მონაცემებით, დაახლოებით 80 პროცენტი ახლა უკრაინის წინააღმდეგ ომშია.
გარდა ამისა, რუსეთის ფედერაციის „ეფესბეს“ სასაზღვრო სამსახურის დანაყოფი რომელიც ე.წ. საზღვრის მოწყობით და კონტროლით არის დაკავებული ცხინვალის რეგიონში, 1200 სამხედროს ითვლის.
გავრცელებული ინფორმაციით, „ეფესბეს“ კონტინგენტიდან ადგილზე ნახევარზე ნაკლებია დარჩენილი. ე.წ. მესაზღვრეები პერიოდულად ჩნდებიან საოკუპაციო ხაზთან და იქ არსებულ ინფრასტრუქტურას აახლებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი დეპუტატ მარიამ ლაშხის მიერ „გლობალური ომის პარტიასა“ და მასონებზე გაკეთებულ განცხადებას „პირობით შედარებას“ უწოდებს და მისი მისამართით კრიტიკას „ფაშისტურ კამპანიად“ აფასებს

შალვა პაპუაშვილი – იმდენი უცხოელი ჩაერია გამჭვირვალობის საკითხში, ბოლოს მიტინგებზეც გამოვიდნენ, ზუსტად ეს აჩვენებს, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ქართული კანონი, რომელსაც პარლამენტი იღებს, ამიტომ ჩვენ ვეტოს დავძლევთ