მსოფლიო ავიაციის სექტორი ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთ ურთულეს ენერგეტიკულ შოკს განიცდის – ბოლოდროინდელი საწვავის კრიზისისა და ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდის ფონზე, მსხვილი ავიაკომპანიები მათ შორის Ryanair, Lufthansa უკვე საგანგებო რეჟიმში მუშაობენ – გეგმავენ მარშრუტების ოპტიმიზაციასა და ქსელის შემცირებას. როგორც Reuters-ი წერს, საჰაერო გადამყვანები იძულებულები ხდებიან, გაზარდონ ტარიფები, შემოიღონ დამატებითი მოსაკრებელი და გადახედონ ფინანსურ პროგნოზებს.
ექსპერტების შეფასებით, კრიზისის მთავარი მიზეზი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე გეოპოლიტიკური დაძაბულობაა, რომელმაც ნავთობის მიწოდების ჯაჭვები მნიშვნელოვნად შეაფერხა და საავიაციო საწვავის ფასები მკვეთრად გაზარდა.
ოფიციალური ინფორმაციით, Lufthansa აცხადებს, რომ საწვავის დეფიციტის გაღრმავების შემთხვევაში შესაძლოა რამდენიმე ათეული თვითმფრინავის დროებით მიწაზე დაყენებაც კი მოუწიოს. კომპანია უკვე ამუშავებს სცენარებს, რაც რეისების 2.5–5%-მდე შემცირებას ითვალისწინებს.
ანალოგიური ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობაზე საუბრობს Ryanair-ის ხელმძღვანელობაც. კომპანიის გენერალური დირექტორის თქმით, თუ საწვავის მიწოდება კიდევ უფრო შეიზღუდება, ავიაკომპანიას შეიძლება ფრენების 5–10%-მდე შემცირება მოუწიოს ზაფხულის სეზონზე.
ანალიტიკოსების თქმით, ავია საწვავის ფასი ბოლო თვეებში თითქმის გაორმაგდა, რაც პირდაპირ ურტყამს ავიაკომპანიების ბიუჯეტებს.
ევროპის აეროპორტების ორგანიზაცია (ACI Europe) აცხადებს, რომ თუ მიწოდების პრობლემები გაგრძელდება, ევროპა შესაძლოა რამდენიმე კვირაში საწვავის დეფიციტის წინაშე აღმოჩნდეს.
ავიაბილეთები დაახლოებით, 30%-ით გაძვირდა, – ამის შესახებ “ბიზნესპრესნიუსთან”ახალგაზრდა გიდების ასოციაციის ხელმძღვანელმა და ტურისტული კომპანია Travel To Georgia-ს დირექტორმა, ლაშა ბერეკაშვილმა განაცხადა.
გამოცემა წერს, რომ ევროპაში საავიაციო საწვავის დეფიციტია მოსალოდნელი. ახალი მიწოდების გარეშე ზოგიერთ ქვეყანაში ავიასაწვავი შესაძლოა, 8-10 დღეში ამოიწუროს, რაც ზაფხულის ტურისტულ სეზონს საფრთხეს უქმნის. წაიკითხეთ ვრცლად “ბიზნესპრესნიუსზე”.




