ცოლზე ძალადობაში ბრალდებულ დაცვის პოლიციის თანამშრომელს გირაო შეეფარდა

ცოლის მიმართ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულ დაცვის პოლიციის თანამშრომელს ს საქალაქო სასამართლომ 10 000- -ლარიანი გირაო შეუფარდა.
გამოძიების ვერსიით, 53 წლის ნუგზარ სამნიძემ 4 დეკემბერს ბათუმში ოჯახის წევრის მიმართ ფიზიკურად იძალადა ერთ-ერთ ხალხმრავალ ქუჩაზე, გაჩერებულ ავტომობილში. ბრალდებულმა ეჭვიანობის ნიადაგზე ცოლს სახისა და სხეულის არეში დაზიანებები მიაყენა.
პროკურატურა პოლიციის თანამშრომლის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა – სამნიძეს გირაოს გადახდა დააკისრა და მას ასევე აუკრძალა დაზარალებულთან მიახლოება.
მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ წლებში შეიცვალა პროკურატურის დამოკიდებულება ქალზე ძალადობის საქმეებზე რეაგირების თვალსაზრისით და გაიზარდა პროკურორების მიერ ძალადობაში ბრალდებული პირების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნის პროცენტული მაჩვენებელი, სასამართლო ამ ტიპის დანაშაულზე შედარებით ლოიალურად რეაგირებს და არის შემთხვევები, როდესაც არ ითვალისწინებს ბრალდების მხარის მოთხოვნას პატიმრობაზე და მას გირაოთი ანაცვლებს.
მაგალითად, ერთი წლის წინ, ოქტომბერში, ამ ტენდენციის მსხვერპლად იქცა 26 წლის ქალი, რომელიც მეუღლემ მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით მოკლა. მკვლელობამდე სამი დღით ადრე, ცოლზე ძალადობისა და მოკვლის მუქარისათვის დაკავებული კაცი, თელავის სასამართლოს მოსამართლემ 2000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
ქალზე ძალადობასა და ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვის ბრალდებით დაკავებულ მომღერალს, კაბუს (კახა აბუაშვილი), 27 ნოემბერს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 10-ათასლარიანი გირაო შეუფარდა. პროკურატურა მის პატიმრობას ითხოვდა.

ასევე დაგაინტერესებთ