ცოლზე შვილის თანდასწრებით ძალადობაში ბრალდებულ დეტექტივს პატიმრობა შეუფარდეს

კრიმინალური პოლიციის დეტექტივს, რომელიც არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ცოლზე ძალადობასა და მუქარაშია ბრალდებული, დღეს, 13 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო.
გამოძიება აღწერს, რომ 2024 წლის გაზაფხულზე, – სურამში, დეტექტივი ნიკა ნოზაძე ცოლს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, შუბლზე ცეცხლსასროლი იარაღი მიადო და ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენა.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა დეტექტივმა, – როდესაც ცოლი მასთან ერთად ცხოვრობდა, – არაერთხელ იძალადა მასზე ფიზიკურად და არაერთხელ დაემუქრა, – არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით.
„[ცოლს] ფიზიკური დაზიანებები ჰქონდა, ერთ შემთხვევაში ტანსაცმელიც შემოახია. დაზიანებებზე მოწმეები – დაზარალებულის დედა და შვილიც ადასტურებენ. აღჭერენ იმასაც, როგორ მოსდიოდა სისხლი დაზიანებიდან“, – თქვა დღეს სასამართლოში საქმის პროკურორმა ალექსანდრე ჩხეიძემ.
დეტექტივს რამდენიმე ბრალდება აქვს წარდგენილი:
· ოჯახში ძალადობა, – რაც ორ წლამდე პატიმრობას ან 80-150 საათით საზოგადოებრივ შრომას ითვალისწინებს;
· ოჯახში ძალადობა დამამძიმებელი გარემოებით, – „არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ“, – რაც 200-დან 400 საათამდე საზოგადოებრივი შრომით ან 1-დან 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს;
· მუქარა ოჯახის წევრის მიმართ, – რაც 170-დან 200 საათამდე შრომით, 2 წლამდე „გამასწორებელი სამუშაოთი“ ან 3 წლამდე პატიმრობით ისჯება.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…