“ცვლილებები კანონმდებლობაში, რამაც ეს ყველაფერი გამოიწვია, განხორციელდა 10 წლის წინ” – ოპოზიციის ნაწილი აღსრულების ფორმების დახვეწის აუცილებლობაზე საუბრობს

ოპოზიციის ნაწილი აღსრულების ფორმების დახვეწის აუცილებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ კანონმდებლობაში ცვლილებები უნდა შევიდეს. “ლელოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ხაზს უსვამს, რომ ზამთარში ადამიანების გამოსახლება ყველა ქვეყანაში აკრძალულია.
“ყველა ქვეყანაში მსგავსი რამ ზამთარში არის აკრძალული, ეს არის კატასტროფა. ჩემ დროს მსგავსი რაღაცა არ ხდებოდა და არც ახლა არ ხდება,”- აცხადებს მამუკა ხაზარაძე.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრი თინა ბოკუჩავა კი ამბობს, რომ აუცილებელია შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მიღება, რომ სესხები კაბალური პირობებით აღარ გაიცეს.
“ეს არის ძალიან კომპლექსური საკითხი, რომლისთვისაც აუცილებელია, მათ შორის, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მიღება, რაზეც ჩვენ ვმუშაობთ, არის კაბალური პირობებით გაცემული სესხები, რომლის გასტუმრებაც შემდეგ ძალიან ბევრი ადამიანისთვის არის ძალიან რთული. ბუნებრივია, ეს ახლანდელი მოცემულობა აუცილებლად უნდა შეიცვალოს და ამისთვის აუცილებელია, მათ შორის, სწორი საკანონმდებლო რეგულირება და არა მევახშეობის ამგვარი წახალისება,” – აცხადებს თინა ბოკუჩავა.
“გირჩის” წევრი იაგო ხვიჩია კი ამბობს, რომ საკანონმდებლო ცვლილება, რომელმაც ეს ყველაფერი გამოიწვია, ხელისუფლებამ 10 წლის წინ მიიღო.
“ცვლილებები საქართველოს კანონმდებლობაში, რომლებმაც ეს ყველაფერი გამოიწვია, განხორციელდა 10 წლის წინ. 10 წლის წინ სტატია მაქვს დაწერილი იმასთან დაკავშირებით, რომ ამ კანონპროექტის მიღება იმ შედეგს მოიტანდა, რაც ახლა მოიტანა. “ქართულ ოცნებას” რაღაც დროს მოუწევს ამაზე გადაწყვეტილების მიღება – ან ახლა მოუწევს არაპოპულისტური გადაწყვეტილების მიღება, ან – მერე. თავისთავად ცხადია – ან უნდა დაანგრიო სამოქალაქო ურთიერთობები და არ აღიარო ადამიანებს შორის დადებული კონტრაქტები, ან უნდა შეასრულო ისინი, რაც არ უნდა არაპოპულარული იყოს მათი შესრულება,” – აცხადებს იაგო ხვიჩია.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ ანჯაფარიძე: თუ წინა წლებში მავნებელთა შეგნებულად გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ზოგჯერ წაყრუებაც ხდებოდა, ახლა ეს კომფორტი დეზინფორმატორებს აღარ აქვთ და რეაგირება არის მყისიერი და მკაცრი

ჯაბა ხუბუა: არც პირადად მე და ინციდენტში მონაწილე არცერთ ადამიანს ელიზბარაშვილის წინააღმდეგ საჩივარი არ შეუტანია, საქმე აღძრა სამართალდამცავმა უწყებამ. სხვა ყველაფერი დანარჩენი არის დაინტერესებული მხარის ინტერპრეტაცია და მტკნარი სიცრუე, რომელსაც რეალობასთან არავითარი კავშირი არა აქვს