ცესკოს ოპოზიციონერი წევრები საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებს ხვდებიან

ცესკოს ოპოზიციონერი წევრები საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებს ხვდებიან.
როგორც ცესკოში „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელმა გიორგი სიორიძემ აღნიშნა, ამ დრომდე ცესკოს ჰქონდა იზოლაციონისტური დამოკიდებულება ოპოზიციონერი წევრების მიმართ და არ აძლევდნენ საერთაშორისო მისიებისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდების საშუალებას.
„ცესკოს ოპოზიციონერი წევრები ვხვდებით ყველაზე მთავარ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს საქართველოში, მათ შორის, ეუთო/ოდირის, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და NMO-ს წარმომადგენლებს. ეს იყო ჩვენი ინიციატივით, გამომდინარე იქიდან, რომ ცესკოს დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა იზოლაციონისტური პოლიტიკა ოპოზიციონერი წევრების მიმართ, ისინი პრაქტიკულად არასდროს არ გვაძლევდნენ იმის შესაძლებლობას, როდესაც უწყებაში მოდიოდნენ ხოლმე საერთაშორისო მისიები, რომ მათთვის რეალური სურათი დაგვენახებინა. ჩვენ ჩვენი პირადი და პარტიული ხაზებით, რა თქმა უნდა, ვაწვდიდით მათ ამ ინფორმაციას, მაგრამ ახლა არჩევნებიდან როდესაც გასულია უკვე 2 კვირა, ჩვენ აუცილებლად ჩავთვალეთ, რომ მიგვეწოდებინა ყველა ის ინფორმაცია, რომელიც გამოვლინდა ამ დღეებში, ის მიგნებები და დასკვნები, რათა მათ შეფასებებში და საბოლოო ანგარიშებში სრულად აისახოს იმ დარღვევების და მიტაცებული არჩევნების შესახებ ინფორმაცია, რომელსაც ადგილი ჰქონდა საქართველოში. ფარულობის პრობლემა არის პირველ რიგში, რომელზეც არავინ დავობს და აგრეთვე ის ცალკეული დარღვევები, რომლებიც მრავლად არის დოკუმენტირებული, აგრეთვე ის სქემები, რომლებიც შეეხება ტექნოლოგიზებულ კარუსელს, რომელიც არის მთავარი მოთხოვნა, კერძოდ ის, რომ ამომრჩეველთა ვერიფიკაციის ხელმოწერილი ჩეკები გაიხსნას – ამას ითხოვენ პარტიები, ამას ითხოვენ მნიშვნელოვანი და რეალური სადამკვირვებლო ორგანიზაციებიც. გამომდინარე იქიდან, რომ ყველა ტექნოლოგიზებულ უბანზე, 2263 უბანზე, სადაც არის ამომრჩეველთა 90% კონცენტრირებული, ფარულობა იყო უდავოდ დარღვეული, ეს არის საფუძველი არჩევნების არალეგიტიმურად ცნობისა“, – განაცხადა სიორიძემ.
უცხოელი დამკვირვებლებისთვის არჩევნებზე დაფიქსირებულ დარღვევებზე ასევე ინფორმაციის მიწოდების შესახებ ისაუბრა ცესკო-ში „გირჩის“ წარმომადგენელმა, ბორის სოლომონიამ.
„შეხვედრა გვქონდა უცხოელ წარმომადგენლებთან, დამკვირვებლებთან. ვესაუბრეთ, იმ დარღვევებზე, რაც არჩევნებზე შევამჩნიეთ, მთავარ საკითხზე, რომ ფარულობა იყო აშკარად დარღვეული. შესაბამისად, ეს ინფორმაცია კიდევ ერთხელ მივაწოდეთ, ასევე მივაწოდეთ ვიდეომასალა, რაც ნაჩვენები იყო არჩევნებამდე, რომ ამომრჩევლებისთვის „გაიდლაინები“ იყო მიწოდებული და მას შემდეგ, ახალი „გაიდლაინები“ როგორ ჩაიწერა. ამ ყველაფრის შესახებ მოვახსენეთ უცხოელ დამკვირვებელს. რაც შეეხება მათ წარმოდგენებს, ეს უკვე ჩვენ კომპეტენციას სცდება, ეს მათი გადაწყვეტილება იქნება და დაახლოებით ორ თვეში გვეცოდინება, მთლიანად როგორ შეაფასებენ ამ პროცესს“-განაცხადა ბორის სოლომონიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

“მთელი ჩემი ინსტაგრამი, ყველა ჩემი ნაცნობი ან ქვეყანას ტოვებს, ან შოკშია, ან უბრალოდ არ ლაპარაკობს ამაზე. მე არ ვიცი, სად არიან ეს ადამიანები, ვისაც უყვარხართ, როგორც პრეზიდენტი და პატივს გცემენ”

ზურაბ ცეცხლაძე – „ოცნება“ თადარიგს იჭერს, რომ გამოყაროს კუნთმაგარი ბიჭები, ციხით ვერ შეაშინეს და ცემით უნდათ შეაშინონ ხალხი, არ ვაპირებ MMA-ის მებრძოლთან მუშტით ჩხუბს – ქართველიშვილს ვეუბნები: ნახონ, რა დაემართა „მხედრიონს“

ლევან ლორთქიფანიძე – ქმნიან პროფესია „პატრიოტს“, ცეცხლს ნუ ეთამაშებით! – ქართულ ტრადიციაზე ლაპარაკობენ და ქართული ტრადიცია არასდროს ყოფილა ჩაგვრა, რომ ძლიერმა სუსტი გასრისოს, ეს არის ქვის ხანა