ჩინეთის საბანკო სექტორთან წარმატებული თანამშრომლობა ჩვენს მოსახლეობას სხვადასხვა საფინანსო პროდუქტსა თუ შეთავაზებაზე წვდომის შესაძლებლობას მისცემს

ქართული საბანკო სექტორისთვის არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა, რომ ჩინეთის მსგავსი მსხვილი ფინანსური ბაზარი ხელმისაწვდომი იყოს მათთვის, გაფართოვდეს ტრანზაქციების არეალი და გაძლიერდეს მათი საკორესპონდენტო ურთიერთობა ჩინურ ბანკებთან, – განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ჩინეთში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების დასრულების შემდეგ.
„გარდა ამისა, ეს არის შესაძლებლობა, რომ ჩვენი საფინანსო სექტორი უფრო დივერსიფიცირებული გახდეს და მომხმარებლებს, ჩვენს მოსახლეობას ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ მეტი წვდომა ჰქონდეს სხვადასხვა საფინანსო პროდუქტსა თუ შეთავაზებაზე“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
ვიზიტის ფარგლებში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა თავის ჩინელ კოლეგას, ჩინეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს პან გონშენგს შეხვედა.
შეხვედრის შემდეგ საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის, ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოებისა და გაძლიერების მიზნით, ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც მონეტარული პოლიტიკის სფეროში თანამშრომლობას, ასევე ფინანსური ტექნოლოგიების, საგადახდო სისტემებისა და ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების სფეროებში ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს.
საქართველოს ეროვნული ბანკის დელეგაციამ ასევე შეხვედრები გამართა ჩინეთის სამრეწველო და კომერციული ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ჟანგ ვივუსთან, ჩინეთის ბანკის ვიცე პრეზიდენტთან ლიუ ძინთან და ჩინეთის სამშენებლო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთან ძი ჟი ჰონგთან.
აღნიშნული სამი ბანკი ჩინეთის უმსხვილესი ბანკების „დიდ ოთხეულში“ შედის. “ჩინეთის ბანკი” წარმოდგენილია მსოფლიოს 64 ქვეყანაში, მთლიანი აქტივებით დაახლოებით 4.6 ტრილიონი დოლარი. “ჩინეთის სამრეწველო და კომერციული ბანკი” ოპერირებს მსოფლიოს 49 ქვეყანაში, მთლიანი აქტივები აღემატება 6 ტრილიონ დოლარს. “ჩინეთის სამშენებლო ბანკი” კი ოპერირებს მსოფლიოს 31 ქვეყანაში, მთლიანი აქტივებით დაახლოებით 5.4 ტრილიონი აშშ დოლარი.
ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჰესებსაც ავაშენებთ, კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება, სახელმწიფო დღეს არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, სახელმწიფოს დღეს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში

დავით ქართველიშვილი: ერთი შეხედვით, აშშ და ისრაელი კვლავაც ერთიან პოზიციაზე რჩებიან მთელ რიგ საკითხებში, თუმცა მოკავშირეობრივი რიტორიკის მიღმა სულ უფრო აშკარად იკვეთება დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკური კალენდრების შეჯახება