ჩვენ გვჭირდება პოლიტიკური გადაწყვეტილება, რამდენად ვხედავთ ქვეყანაში მზაობას, იყოს ინტეგრირებული ალიანსში, ამ პროცესში ჩვენ გვჭირდება გარკვეული მოთხოვნების შესრულება – ხავიერ კოლომინა

ჩვენ ერთი მედლის ორი მხარე ვართ, მაგრამ განსხვავებული პროცედურები გვაქვს, ევროკავშირის პროცედურები გარკვეულწილად უფრო ავტომატურია და ბევრად მეტი დრო სჭირდება, ნატო-საც აქვს პროცედურები, თუმცა ეს პროცედურები ნაკლებად ავტომატური და მეტად პოლიტიკურია, – ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ განაცხადა.
მისი თქმით, ორივე პროცესს სჭირდება რეფორმების გატარება, რომელიც ორივე შემთხვევაში იდენტურია.
“რა მიმართულებით გვსურს წინსვლის ნახვა, ეს იმ დოკუმენტშია გაწერილი, რასაც ყოველწლიურ სამოქმედო გეგმას ვუწოდებთ. პირველად ჩვენ წარვადგინეთ ეს დოკუმენტურად, რა სფეროებში გვსურდა რეფორმების დანახვა, შემდეგ საკუთარი პროცესი დაიწყო ევროკავშირმა, რომელიც უფრო მეტად ავტომატურია იმ ნაწილში, რომელიც ეხება იმას, კარი გაიღოს თუ არ გაიღოს. ნატო-ს სწრაფად შეუძლია ქვეყნის ინტეგრირება, თუ ვხედავთ, რომ ამ ინტეგრაციისთვის ყველაფერი მზადაა და ეს მოხდა ფინეთის შემთხვევაში. ამასთანავე, გვჭირდება პოლიტიკური გადაწყვეტილება, რამდენად ვხედავთ ქვეყანაში მზაობას, იყოს ინტეგრირებული. ამ პროცესში ჩვენ გვჭირდება გარკვეული მოთხოვნების შესრულება და სწორედ ამ პროცესში ვართ საქართველოს ხელისუფლებასთან“, – განაცხადა კოლომინამ.
ხავიერ კოლომინას განცხადებით, საქართველოს მიმართ მოთხოვნები კვლავ იგივეა.
“არ ვფიქრობ, რომ მოთხოვნებს ვცვლით და არ ვფიქრობ, რომ ევროკავშირმა შეცვალა მოთხოვნები. ჩემი აზრით, ჩვენ მსოფლიოს განსხვავებული ლინზიდან ვუყურებთ. ომმა დრამატულად შეცვალა ჩვენი მოსაზრებები გეოსტრატეგიულ ხედვაზე, ეს ცხადია. ჩვენთვის საქართველო ყოველთვის იყო ფუნდამენტური პარტნიორი კავკასიაში, კავკასიის სტაბილურობაში, შავი ზღვის სტაბილურობაში. შავ ზღვას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ნატო-ს ევროატლანტიკური სტაბილურობისთვის. ჩვენთვის ეს არ იცვლება და ამიტომაა, რომ საქართველოს მუდმივად ვუჭერდით მხარს და გავაგრძელებთ ამ მხარდაჭერას, მაგრამ ჩემი აზრით, ეს მოცემულობა არ ცვლის იმ მოთხოვნებს, რომელიც გვაქვს, რომ უფრო მეტად დაუახლოვდეთ ალიანსს. არ მგონია, რომ საქართველოსა და ზე მეტად ახლო პარტნიორი ჰყავდეს ნატო-ს. და პოლიტიკურ გადაწყვეტილებას სჭირდება მომწიფება. ეს შეიძლება შეიცვალოს იმ გეოპოლიტიკური ვითარების გამო, რომელსაც ვხედავთ. ეს შესაძლოა, მოხდეს, მაგრამ საბოლოოდ, პროცესი და მოთხოვნები ისევ უცვლელია“, – განაცხადა კოლომინამ.

ასევე დაგაინტერესებთ