ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჩვენი მომავალი, ევროპის და დასავლური ინტეგრაციის გარეშე, ვერ წარმომიდგენია - მამუკა მურჯიკნელი

ბათუმის მულტიმოდალური ტერმინალის გენერალური დირექტორი მამუკა მურჯიკნელი აცხადებს, რომ მომავალი, ევროპის და დასავლური ინტეგრაციის გარეშე, ვერ წარმომიდგენია. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, როგორც დემოკრატიულ სახელმწიფოში, ასევე, თავისუფალ ბიზნესში, უმთავრესი არის გამჭვირვალობა.
"ვინც მე მიცნობს იცის, როგორც დიპლომატიურ სამსახურში, ასევე, კერძო სექტორში მუშაობისას, ჩემთვის ყოველთვის მთავარი და ამოსავალი წერტილი იყო, ჩემი ქვეყნის ინტერესების დაცვა და ამ ინტერესების მსახურება. ჩვენი მიღწევები ევროკავშირთან ინტეგრაციის კუთხით, სწორედ ჩვენი ხალხის, ქვეყნის, დიპლომატიური კორპუსის თუ ბიზნეს სექტორის საერთო მისწრაფებით და სულისკვეთებითაა სავსე. ეს მთელი ჩვენი საზოგადოების ერთობლივი განაცხადი და მანიფესტია.
როცა ვსაუბრობთ ევროპაზე და ზოგადად, დასავლურ ინტეგრაციაზე, ისიც უნდა ვთქვათ პირდაპირ და დაუფარავად, რომ ევროპულობა არის პირველ რიგში თავისუფლების იდეა, გამჭვირვალობა, პატივისცემა ერთმანეთის აზრის, გამოხატვის უფლების და კერძო საკუთრების დაცვა. მე ამჟამად წარმოვადგენ კერძო ბიზნესს, კონკრეტულად, საერთაშორისო ლოგისტიკურ კომპანიას, რომელიც სამი ქვეყნის პარტნიორობით ფუნქციონირებს და აერთიანებს ამერიკულ, უზბეკურ, ქართულ ინვესტიციებსა და ინტერესებს. როგორც დემოკრატიულ სახელმწიფოში, ასევე, თავისუფალ ბიზნესში, უმთავრესი არის გამჭვირვალობა და ჩვენი მრავალწლიანი პარტნიორობაც, სწორედ ამ პრინციპზეა აგებული. დღეს არავინ ავიწროებს ბიზნესს ,მაგრამ ასევე მთავარია ის, რომ სახელმწიფოს მისწრაფება ხალხის ნებასთანაა თანხვედრაში: ჩვენი მომავალი უალტერნატივოდ ევროპაშია. თუ ჩვენ არ გვექნება სტაბილურობა, არ ვიქნებით საინვესტიციოდ მიმზიდველი ქვეყანა, გაგვიჭირდება დასავლური ინვესტიციების მოზიდვა, არადა, დასავლური ინვესტიციები და ინვესტორები გვჭირდება ყველაზე მეტად. თავის დროზე, როცა ამერიკული და ამერიკაში, რეიტინგით 34 -ე ადგილზე მყოფი საერთაშორისო, გიგანტ კომპანია TRAMMO-სთან პარტნიორობაზე შევთანხმდით, ეს მაშინ უპრეცედენტო რამ იყო, აჭარის რეგიონში, პირველი პირდაპირი ამერიკული ინვესტიცია იყო და მგონი, ასეა დღესაც.
ცხადია, ეს უპირველესად ჩვენი დამფუძნებლებისა და კომპანიის გამჭვირვალობასთან დაკავშირებული ნდობა და აღიარება, მაგრამ ასევე, უზარმაზარი ნდობა იყო ქვეყნის მიმართ, გააზრება მისი პოტენციალისა და ასევე - სტაბილური და უსაფრთხო ბიზნესგარემოსი. ჩვენი მომავალი, ევროპის და დასავლური ინტეგრაციის გარეშე, ვერც როგორც დიპლომატს და ვერც როგორც ბიზნესექტორის წარმომადგენელს ვერ წარმომიდგენია. ასეც იქნება, ამაში ეჭვი არ მეპარება, რადგან ვერავინ და ვერაფერი დააბრკოლებს ხალხის ნებასა და გადაწყვეტილებას", - წერს იგი.

არქივის შესახებპირველწყარო: bm.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.