ჩეხეთმა აშშ-ში საქართველოს მოქალაქის ექსტრადიცია განახორციელა, რომელიც რამდენიმე დანაშაულშია ეჭვმიტანილი
ჩეხეთის ხელისუფლებამ შეერთებულ შტატებში რამდენიმე დანაშაულში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქის, ფოლად ომაროვის ექსტრადაცია განახორციელა.
Radio Prague International-ის ინფორმაციით, ფოლად ომაროვი აშშ-ის პოლიციის ესკორტს პრაღის აეროპორტში გადასცეს. საქართველოს ექსტრადირებული მოქალაქე რამდენიმე დანაშაულშია ეჭვმიტანილი, მათ შორის ფულის გათეთრებასა და ნიუ-იორკში ირანელი ჟურნალისტის მკვლელობის დაგეგმვაში.
მედიის ინფორმაციით, პირი, რომლის მკვლელობაც იგეგმებოდა, ირანის მთავრობის კრიტიკოსია, რომელიც აშშ-ის მოქალაქეა და ბრუკლინში, ნიუ-იორკში ცხოვრობს. მამაკაცი გასული წლის იანვარში დააკავეს და ივლისში ჩეხეთის იუსტიციის მინისტრმა, პაველ ბლაჟეკმა მისი ექსტრადიცია დაამტკიცა. მიუხედავად იმისა, რომ ომაროვმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა, ის საკონსტიტუციო სასამართლომ ძალაში დატოვა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.