ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„შუა დერეფნის ძირითად მონაწილეებში საქართველო მოწინავეა ინფრასტრუქტურული და ბიუროკრატიული კუთხით“ - რამაზ გერლიანი

„უკრაინის მოვლენების შემდეგ მსოფლიო სავაჭრო ურთიერთობებში ერთიორად გაიზარდა შუა დერეფნის როლი. სამ ალტერნატივას შორის, ერთ-ერთ უალტერნატივო გზად იქცა შუა დერეფანი საქართველოს გავლით. საქართველო ექცევა ეგრეთ წოდებულ ცენტრში ამ დერეფნის, თავისი საზღვაო და სახმელეთო პოტენციალით. რასაკვირველია, არის ამ მიმართულებით გამოწვევები, მაგრამ, უახლოეს პერიოდში ტვირთბრუნვისა და შუა დერეფნის როლის ზრდა გარდაუვალია “, - ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა რამაზ გერლიანმა რადიო „კომერსანტის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო შუა დერეფნის მონაწილე ქვეყნებს შორის როგორც ინფრასტრუქტურის, ისე ბიუროკრატიული თვალსაზრისით, მოწინავეა.
„ჯერ კიდევ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან საქართველო მზად იყო და ახლაც მზად არის ამ პროცესში თავისი როლის შესასრულებლად. ფარდობითობის პრინციპით თუ ვიმსჯელებთ, ძირითად მონაწილე ქვეყნებს შორის ერთ-ერთ მოწინავედ სწორედ საქართველო შეიძლება ჩავთვალოთ ინფრასტრუქტურული და ბიუროკრატიული თვალსაზრისით.
აზერბაიჯანთან და ყაზახეთთან შედარებით ჩვენ გაცილებით უკეთესი სისტემა გვაქვს, რადგან იქ უკვე სხვა არახელშესახები ბარიერები იკვეთება, როგორიცაა კორუფციული რისკები და სხვა. ძალიან მნიშვნელოვანია კერძო სექტორების ჩართულობა, რადგან, როცა სექტორი სახელმწიფოში მონოპოლიურად არის წარმოდგენილი ეს ერთიორად ამცირებს იმ პოტენციალს, რომელიც ტვირთბრუნვის თვალსაზრისით არსებობს. ეს განსაკუთრებით ეხება რკინიგზის ნაწილს როგორც ჩვენთან, ისე აზერბაიჯანში.
როგორც მან განაცხადა, საქართველოს ეკონომიკის ნაკლია, რომ სარკინიგზო პოტენციალი ქვეყანაში არ გამოიყენება საკმაო წილით. ასეთივე პრობლემა აქვს აზერბაიჯანსაც, სადაც სახელმწიფო კომპანიაა მონოპოლისტი. შესაბამისად, ეს აფერხებს ოპერატიულ ტვირთბრუნვას და ეკონომიკური ურთიერთობების ეფექტიანობას ქვეყნებს შორის.
„საქართველო თავისი სარკინიგზო პოტენციალის ძალიან მცირე ნაწილს იყენებს, რაში მე ვხედავ ნაკლოვანებას. აზერბაიჯანსაც აქვს ასეთივე პრობლემა, სადაც სახელმწიფო კომპანია არის მონოპოლისტი, რაც რასაკვირველია, ნეგატიურად მოქმედებს მთლიანად ამ დერეფანში ტვირთბრუნვაზე“, - აღნიშნა ექსპერტმა.

ექსპერტმა ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ის, რომ ეს პორტი უკვე არ არის აშენებული, არის ქართული ეკონომიკის ჩავარდნა.
„დღეს, ისე, როგორც არასდროს დღის წესრიგში დგას ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელება, რასაც მართლა შეუძლია, რომ უახლოეს 6 წელიწადში შევიდეს ექსპლუატაციაში, თუ სწორი პოლიტიკა იქნება გატარებული. მას შესაძლებლობა აქვს შუა დერეფანს დამატებითი გამტარუნარიანობა მისცეს და შეასრულოს უმნიშვნელოვანესი როლი არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ რეგიონალური თვალსაზრისით. ამ მიმართულებით ანაკლიის პორტს აკისრია საერთაშორისო მისია. შესაბამისად, ის, რომ ეს პორტი უკვე არ არის აშენებული, არის ქართული ეკონომიკის ჩავარდნა“, - აღნიშნა რამაზ გერლიანმა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.