შსს 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორებს აფრთხილებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო 4 ოქტომბერს თბილისში დაგეგმილ დემონსტრაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აქციის ორგანზატორებს მოუწოდებს არ გასცდნენ კანონით დადგენილ ფარგლებს:
“საზოგადოების უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი საპოლიციო დანაყოფების თანამშრომლები, მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს, თბილისში დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით, დედაქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა ადგილზე არიან მობილიზებულნი.
მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილე პირებს, შეკრება-მანიფესტაცია გამართონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაემორჩილონ პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას და არ შეუშალონ ხელი სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებაში.
კანონდარღვევის თითოეულ ფაქტს, პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება”, – ნათქვამია შსს-ს 4 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში.
4 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება, რომელსაც ბოიკოტს უცხადებს 8 ოპოზიციური პარტია.
არჩევნების პარალელურად თბილისში მასშტაბური საპროტესტო აქციაა დაგეგმილი. მოქალაქეები 16.00 საათზე აპირებენ შეკრებას რუსთაველის გამზირზე. დაგეგმილია საპროტესტო მარშიც თსუ-ს პირველი კორპუსიდან პარლამენტის შენობამდე.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.