შსს უარყოფს რუსი დეზერტირისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭებას

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ რუს დეზერტირს, ვლადისლავ ტატარინცევს, საქართველოში საერთაშორისო დაცვა ან პოლიტიკური თავშესაფარი მიენიჭა.
როგორც უწყებაში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, ინფორმაცია, რომ ტატარინცევს ერთწლიანი საერთაშორისო დაცვა მიენიჭა, „არის სრული სიცრუე და არ შეესაბამება სიმართლეს“.„საქართველოს კომპეტენტურ უწყებას მსგავსი გადაწყვეტილება ვლადისლავ ტატარინცევის მიმართ არ მიუღია და იგი არ სარგებლობს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული არც ლტოლვილის და არც დამატებითი დაცვის სტატუსით“, – აცხადებენ შსს-ში.უწყების ცნობით, ვლადისლავ ტატარინცევმა, სავარაუდოდ, უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი 2026 წლის აპრილში, რის გამოც მას ბრალი წაყენებული აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე მუხლის პირველი ნაწილით. აღკვეთის ღონისძიების სახით მას პატიმრობა აქვს შეფარდებული და შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება.
რას წერს მედიარამდენიმე მედიასაშუალებამ, მათ შორის რუსულმა ტელეგრამ-არხმა SOTA-მ, გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველომ პირველად მიანიჭა პოლიტიკური თავშესაფარი რუს დეზერტირს. ინფორმაციის წყარო ტატარინცევის შეყვარებული სოფია ჩეპიკი იყო, რომელიც აცხადებდა, რომ თავშესაფრის მინიჭების შესახებ დადებითი გადაწყვეტილების წერილი ტატარინცევს უკვე მიღებული ჰქონდა.მედიის ცნობით, ტატარინცევმა რუსეთის სამხედრო ნაწილი დატოვა და საქართველოში დოკუმენტების გარეშე, უკანონოდ შემოვიდა. მოგვიანებით ის თურქეთის საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ტატარინცევი ევროკავშირის ტერიტორიაზე მოხვედრასა და იქ თავშესაფრის მოთხოვნას გეგმავდა.საქართველოში მოქმედი ტელეგრამ-არხი Paper Kartuli, ტატარინცევის ადვოკატზე დაყრდნობით, წერს, რომ მას „საერთაშორისო დაცვის მაძიებლის სტატუსი“ მიენიჭა.ადვოკატის განმარტებით, საერთაშორისო დაცვის მაძიებლის სტატუსი ლტოლვილის სტატუსს არ ნიშნავს და მიუთითებს მხოლოდ იმაზე, რომ ტატარინცევისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭების საკითხი ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია. მისივე თქმით, ამ სტატუსმა შესაძლოა ტატარინცევი რუსეთში გაძევებისგან დაიცვას.
ვლადისლავ ტატარინცევი 22 წლისაა. მედიის ცნობით, ის 2024 წელს რუსეთის არმიაში გაიწვიეს. თავდაპირველად ვოლგოგრადში, საპატიო ყარაულის ასეულში მსახურობდა, შემდეგ კი დონეცკში გაგზავნეს, სადაც კარტოგრაფად მუშაობდა. შვებულებაში ყოფნისას მან რუსეთი პროექტ „Идите лесом“-ის დახმარებით დატოვა.ტატარინცევის საქმის განხილვა სასამართლოში 23 სექტემბერს არის დანიშნული.