შსს-ს თქმით, დეპუტატები პარლამენტიდან უსაფრთხოდ გაიყვანეს, პოლიცია გადის ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩებიდან
შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ დეპუტატები და პარლამენტის აპარატის თანამშრომლები უსაფრთხოდ გაიყვანეს პარლამენტის შენობიდან და პოლიციის კორდონები გაყავთ ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩებიდან. უწყების თქმით, აქციის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ პროტესტი გამოხატონ მათთვის სასურველ ადგილზე.
"პოლიციის სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, მოვლენების ხელოვნურად ესკალაციისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულნი არიან პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე", - წერია შსს-ს განცხადებაში.
უწყება მოუწოდებს პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ დაარღვიონ კანონი, პროტესტი გამოხატონ მშვიდ ვითარებაში:
"კიდევ ერთხელ მივმართავთ აქციის ყველა მონაწილეს, რომ დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოების შესასვლელების ბლოკირება და ასევე, საავტომობილო გზების პარალიზება.
პოლიციის მიერ დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი, ხოლო საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევი პირების მიმართ კანონით გათვალისწინებული ზომები გატარდება".
83 ხმით, 23-ის წინააღმდეგ, პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე „აგენტების კანონი“ მეორე მოსმენით მიიღო. პირველი მოსმენისგან განსხვავებით, კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა პოლიტიკური ჯგუფის, „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ.
იმისთვის, რომ პარლამენტმა კანონპროექტი საბოლოოდ მიიღოს, კომიტეტსა და პლენარულ სხდომაზე სამ-სამი მოსმენით უნდა განიხილონ და კენჭი უყარონ.
პარლამენტმა „აგენტების კანონის“ საბოლოო, მესამე მოსმენით მიღების სავარაუდო თარიღად 17 მაისი განსაზღვრა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.