შსს - პოლიციამ 283 ძირი „კანაფი“ და 3 კილოგრამამდე „მარიხუანა“ ამოიღო - დაკავებულია პირი, რომელსაც მიწის სიღრმეში მოწყობილი ჰქონდა სპეციალური სათბური

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი - 1985 წელს დაბადებული რ.რ. დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მას ბრალი ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა - შენახვაში, ასევე, უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობაში და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანაში.
„გამოძიებით დადგინდა, რომ სამართალდამცველების მიერ ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ რ.რ.-ს, საცხოვრებელი სახლის ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთში, ფარულად, მიწის სიღრმეში მოწყობილი ჰქონდა სპეციალური სათბური, სადაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანას ახდენდა.
აღნიშნული ტერიტორიის ჩხრეკისას პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 283 ძირი მცენარე „კანაფი“ და 3 კილოგრამამდე გამომშრალი “მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღო.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველების მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, წებოვანი ლენტები და ელექტრო სასწორი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260 კვარტა და 265 პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.
„დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.