შსს-მ 2023 წლის 9 თვეში სქესობრივი დანაშაულის 412 ფაქტი აღრიცხა, წინა წელთან მატება 4.04%-ია
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის პირველ 9 თვეში საქართველოში სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის 412 ფაქტი აღრიცხეს, რაც წინა წელთან შედარებით 4.04%-იანი ზრდაა. აქედან 272 ფაქტი გახსნეს.
უფრო კონკრეტულად, გაუპატიურების 154 შემთხვევა მოხდა (წინა წელთან შედარებით 12.41%-იანი მატება), გარყვნილი ქმედების 96 ფაქტი (3.23%-იანი ზრდა), თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის 40 შემთხვევა (6.52%-იანი კლება), სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების 54 ფაქტი (15.63%-იანი კლება), ხოლო პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების 22 შემთხვევა (120%-იანი ზრდა).
შსს-ს ინფორმაციით, სულ 2023 წლის პირველ 9 თვეში 41 126 დანაშაულის ფაქტი დაარეგისტრირეს ( წინა წელთან შედარებით 2.11%-იანი კლება). მათი 63.09% გახსნილია.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.