შსს განცხადებას ავრცელებს და ოპოზიციის დაგეგმილი აქციის ორგანიზატორებს აფრთხილებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ოპოზიციის მიერ, 24 და 25 ნოემბერს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
“როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, საქართველოს მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის შეკრებამდე, 24 ნოემბრიდან, რამდენიმე ოპოზიციური პარტიის მიერ იგეგმება რესპუბლიკის მოედანზე შეკრება და შემდგომ პარლამენტის მიმართულებით მსვლელობა.
მედიისა და სოციალური ქსელების მეშვეობით, ოპოზიციური პარტიის ლიდერების მიერ ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ შეკრების მიზანს წარმოადგენს მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარებისთვის ხელის შეშლა, რომელიც შესაძლოა განხორციელდეს სხვადასხვა მეთოდებით.
დაგეგმილი აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს შევახსენებთ, რომ საქართველოს კანონმდებლობა დეტალურად განსაზღვრავს შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების სამართლებრივ ჩარჩოებსა და ფარგლებს, იმისათვის, რომ დაცული იყოს საზოგადოებრივი უსაფრთხოება და უზრუნველყოფილი იყოს სხვადასხვა ორგანიზაციების გამართული ფუნქციონირება.
გარდა ამისა, კანონით პირდაპირ აკრძალულია სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირება, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის თანახმად დასჯად ქმედებას წარმოადგენს.
ამ დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსი სასჯელის სახით ითვალისწინებს, თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, ხოლო თუ ქმედება ჯგუფურადაა ჩადენილი – ჯგუფის წევრების მიმართ თავისუფლების აღკვეთას 4 წლამდე ვადით.
ამასთან, საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2024 წლის 23 ოქტომბრის საქართველოს მთავრობის №361 დადგენილებით დადგინდა სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხა, რომელთა შორის არის საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის ადმინისტრაციის შენობები.
შესაბამისად, დაგეგმილი აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს ვაფრთხილებთ, რომ არ გასცდნენ შეკრება/მანიფესტაციის კანონით დადგენილ ფარგლებს და თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია მიიღებს ყველა შესაბამის სამართლებრივ ზომას უკანონო ქმედების აღსაკვეთად.”– ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი დანიაში აქციის დაშლაზე: უმკაცრესი, ძალიან ხისტი ზომების გამოყენებით დაშალეს ეს მიტინგი, რაც გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ საქართველოს მიმართ არის მიკერძოებული დამოკიდებულება, რომელსაც სერიოზული პოლიტიკური სარჩული გააჩნია

ირაკლი ზარქუა დანიაში აქციის დაშლაზე: ჩვენ გვიწუნებენ მიდგომას და ამ დროს, კადრები გავრცელდა, როგორ ქოლავენ ხელკეტებით მათ მოსახლეობას და ჟურნალისტებს – ეს სახელმწიფოები შემდეგ ჩვენ ნოტაციებს გვიკითხავენ, ეს ორმაგი სტანდარტიც არ არის

ჩვენს სახელმწიფოს რომ მეათედი გაეკეთებინა, წარმომიდგენია, რა რეაქცია იქნებოდა ბრიუსელიდან, ან სხვა დედაქალაქიდან – დასანანია, როდესაც ვხედავთ ორმაგ სტანდარტს, რომ თურმე, ჩვენს ქვეყანას არ აქვს უფლება, დაიცვას სახელმწიფო ინსტიტუტები