ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შრომითი მიგრაციის გამო, კომპანიებს ერთი ვაკანსიის რამდენჯერმე გამოცხადება უწევთ - HR.GE

შრომითი მიგრაციის გამო, კომპანიებს ერთი ვაკანსიის რამდენჯერმე გამოცხადება უწევთ - HR.GE

საქართველოში საშუალო ნომინალური ხელფასი ზრდას აჩვენებს და მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ამ მაჩვენებელმა 2 004 ლარი შეადგინა. თუმცა ამ ფონზე ბიზნესის ნაწილი აცხადებს, რომ ქვეყანაში კადრების დეფიციტის პრობლემა კიდევ უფრო გამწვავდა.
ზოგადად, ზაფხული დასაქმების ბაზარზე ყველაზე პასიური პერიოდია, თუმცა წლევანდელმა სეზონმა ამ მხრივ წინა წლების რეკორდი მოხსნა. HR.GE-ს რეგიონული მენეჯერის, ინგა შახბაზიანის თქმით, ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ ზაფხულის პერიოდში დამსაქმებლებიც და პოტენციური დასაქმებულებიც ძირითადად, დასასვენებლად მიდიან და სამუშაო ადგილის ძიებას სექტემბრიდან აგრძელებენ.
„დასაქმების ბაზარზე წინა წლებთან შედარებით ზაფხულის პერიოდი საკმაოდ პასიური იყო. სამ თვეში ერთად 16 ათასი ვაკანსია განთავსდა, რაც წინა წლებთან შედარებით 0.6%-ით ნაკლებია. ეს კლების მაჩვენებელი იშვიათია, რადგან წლიდან წლამდე ძირითადად ზრდა გვაქვს და არა კლება.
სექტემბრის თვე უფრო აქტიური იყო, თუმცა წინა წლებთან შედარებით სექტემბრის მეორე ნახევარი უფრო გააქტიურდა.
პირველი სექტემბრიდან აქტიურობენ კომპანიები, ცდილობენ რომ კადრები დააკომპლექტონ, წელს ამ რიცხვმა გადაიწია სადღაც 10-სკენ. ალბათ, უფრო სკოლის დაწყებას დაუკავშირეს, იმიტომ რომ 10 რიცხვის შემდეგ კომპანიები უფრო გააქტიურდნენ, დაიწყეს ვაკანსიების გამოცხადება, ყველა სფეროს მიმართულებით იყო აქტიურობა.
პანდემიამდეც, ივლისი-აგვისტო იყო ყოველთვის პასიური.
პანდემიის შემდეგ, რეალობა შეგვეცვალა, ვაკანსიები ისევ აქტიურად ცხადდებოდა. აგვისტოში განსაკუთრებით იყო სტარტი, კომპანიები სექტემბრისთვის ემზადებოდნენ.
წელს ეს ტენდენცია შეიცვალა, ვფიქრობ იმიტომ, რომ ძალიან ბევრი მომხმარებელი ქალაქიდან გასული იყო, შესაბამისად კომპანიები თვლიდნენ, რომ აზრი არ ჰქონდა ვაკანსიის გამოცხადებას, რადგან გამოხმაურება არ ექნებოდათ შესაბამისი და ეს პროცესი გადადეს სექტემბრისთვის, როცა სკოლები იწყებოდა და ყველა თბილისში დაბრუნდებოდა“,- ამბობს ინგა შახბაზიანი ,,კომერსანტის დილასთან“ საუბარში.
მისივე თქმით, წლებია, საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი დასაქმების სფერო გაყიდვების მიმართულებაა. თუმცა, ყველაზე დიდი აქტიურობა საბანკო საქმეში შეინიშნება.
,,გაყიდვები ისევ პირველ ადგილზეა, 22% წარმოადგენს გაყიდვების მიმართულებით ვაკანსიები. შემდეგ მოდის საბანკო-საფინანსო სფერო, რომელიც ძალიან გააქტიურდა ბოლო პერიოდში და 18%-ია მათი ვაკანსიების წილი. მესამე- ,,ჰორეკას“ სექტორი არის 15%-ით; მე-4 ადგილზეა სამედიცინო სფერო, შემდეგ არის ბუღალტერია-ფინანსები, შემდეგ კი IT სფერო, რომელშიც შემცირებულია ვაკანსიების რაოდენობა, ადრე დაახლოებით 9%-ს შეადგენდა ვაკანსიების რაოდენობა, დღეს არის 6.5% ტექნიკური მიმართულების ვაკანსიები“,- ამბობს რესპონდენტი.
ინგა შახბაზიანის თქმით, კადრების დეფიციტი ძირითადად „დენად“ პოზიციებზე შეინიშნება. რაც შეეხება მაღალანაზღაურებად ვაკანსიებს, აქ დეფიციტის შექმნა სამუშაო მიგრაციასაც უკავშირდება.
მოქალაქეების დიდი ნაწილი ქვეყანას უკეთესი ხელფასისა და საცხოვრებელი პირობების გამო ტოვებს, ამიტომაც ბაზარზე კვალიფიციური კადრების დეფიციტი იზრდება. დამსაქმებლების დიდი ნაწილი კი იძულებულია მცოდნე კადრები სხვა კომპანიიდან მოიწვიონ და ხშირად „ჰანთინგს“, ანუ კონკურენტი კომპანიიდან კადრების გადმობირების მეთოდს მიმართავენ.
„საშუალო და მაღალ ვაკანსიებზე, განსაკუთრებით თუ სახელფასო შეთავაზება კომპანიის მხრიდან არის კონკურენტუნარიანი შედარებით უფრო მალე ახერხებენ კადრების აყვანას. თუმცა, ისეთ პოზიციებზე, რომლებიც უფრო ,,დენადია“, უფრო დამწყები, მაგალითად, კონსულტანტი, მოლარეები, მიმტანები, აქ დღემდე არის დეფიციტი. ამ მიმართულებით დენადობაც უფრო მეტია და სამწუხაროდ, თვიდან თვემდე უწევთ ვაკანსიების განახლება. ერთი და იმავე ვაკანსიის რამდენჯერმე გამოცხადება თვის მანძილზეც კი, რათა მიიღონ მეტი გამოხმაურება და ამა თუ იმ ვაკანსიის დახურვა შეძლონ.
პრობლემები გვაქვს მაღალკვალიფიციური კადრების აყვანის მხრივაც. მიგრაციის გამო ბევრი კვალიფიციური კადრი საზღვარგარეთ წავიდა, ამიტომ დღეს საკმაოდ ბევრ კომპანიას დაუდგა რეალობა, როცა უწევთ რამდენჯერმე დადონ ვაკანსია, რათა ესა თუ ის კვალიფიციური კადრი მოიძიონ. ხშირად მიმართავენ „ჰანთინგს“, რათა კვალიფიციური კადრები კონკურენტი კომპანიიდან გადმოიყვანონ. უბრალოდ ვაკანსიის გამოქვეყნებით ვერ ახერხებენ ამა თუ იმ პოზიციის დაკომპლექტებას.
HR.ge-ს აქვს სივების ბაზა და იქ 160 ათასი ადამიანია დარეგისტრირებული. ამ ბაზაში არიან აქტიური სამუშაოს მაძიებლები, ასევე პასიური სამუშაოს მაძიებლები. ანუ, ადამიანები, რომლებსაც აქვთ მაღალი კვალიფიკაცია, რეგისტრაცია აქვთ გავლილი, მაგრამ სივის აქტიურად არ აგზავნიან და არ ეძებენ სამსახურს. შესაბამისად, კომპანიები, რომლებიც კადრებს ეძებენ, ასეთ ბაზებსაც ამუშავებენ და ასევე ,,ლინქდინს“. იმისათვის, რათა მოიძიონ შესაბამისი კადრი და გაუკეთონ უკეთესი შეთავაზება, ვიდრე მიმდინარე სამსახურში აქვთ“,- ამბობს ინგა შახბაზიანი.
ქრისტინა კვაჭანტირაძე

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.