„სამოქალაქო თანხმობის“ დამფუძნებელი შმაგი სამხარაძე:
ნიკა გვარამიამ აფხაზეთის თემაზე ინტერვიუ მისცა. შემდეგ ამ ინტერვიუს შესახებ თამთა მიქელაძემაც დაწერა და დადებითად შეაფასა მასში გაჟღერებული ხედვები. დღეს დილიდან კი ე.წ. ხელისუფლების პროპაგანდა უკვე ამ განცხადებებს იმგვარად ავრცელებს, თითქოს ნიკა გვარამია და თამთა მიქელაძე აფხაზეთის რუსეთისთვის დათმობას უჭერენ მხარს.
პირველ რიგში, მინდა ვთქვა ის, რაც ჩემთვის თავიდანვე ძალიან უცნაური იყო: აფხაზეთისა და ყარაბაღის ერთმანეთთან შედარება, ჩემი აზრით, სრულიად მიუღებელია.
ნიკა გვარამიამ აფხაზეთის კონფლიქტზე საუბრისას ნიკოლ ფაშინიანისა და ყარაბაღის მაგალითი მოიყვანა, მათ შორის ისტორიულ ტრავმებზე საუბრის კონტექსტში. მაგრამ აფხაზეთი და ყარაბაღი უბრალოდ სხვადასხვა კონფლიქტი კი არაა – ეს ორი სრულიად განსხვავებული ისტორიული, პოლიტიკური, კულტურული და ადმინისტრაციული რეალობაა.
აფხაზეთი ისტორიულად, კულტურულად, სულიერად და ადმინისტრაციულად საქართველოსთან იყო დაკავშირებული და საქართველოს შემადგენელი ნაწილი იყო არა მხოლოდ საბჭოთა პერიოდში, არამედ მანამდეც. ამიტომ აფხაზეთისა და ყარაბაღის ერთ კონტექსტში განხილვა ჩემთვის გაუგებარია და ეს ორი საკითხი ერთმანეთთან შესადარებლად არ მიმაჩნია.
ყარაბაღის შემთხვევაში საქმე სხვა სახელმწიფოებს, აზერბაიჯანსა და სომხეთს, და მათ შორის ტერიტორიულ და ეთნო-პოლიტიკურ კონფლიქტს ეხებოდა. აფხაზეთის ისტორიული და პოლიტიკური კონტექსტი კი სრულიად სხვაა.
ამიტომ, თუნდაც ნიკა გვარამიას საერთოდ არ ჰქონოდა მხედველობაში აფხაზეთის აღიარება, რუსეთისთვის დათმობა ან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უარყოფა, თავად ეს შედარება მაინც არასწორად მიმაჩნია.
მეორე საკითხი კი ის არის, რასაც უკვე არაერთხელ ვამბობდი.
აფხაზეთის თემაზე, ისევე როგორც ჩვენი ქვეყნისთვის სხვა უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, პოლიტიკოსებმა და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა ისაუბრონ.
იმიტომ არა, რომ ამ თემაზე დისკუსია არ შეიძლება. პირიქით – ამაზე რაციონალური, პრაგმატული და მომავალზე ორიენტირებული მსჯელობა აუცილებელია.
მაგრამ ჩვენ ყველამ ვიცით, როგორ მუშაობს პოლიტიკური პროპაგანდა. ერთი ფრაზა შეიძლება ამოიჭრას კონტექსტიდან, შემდეგ მას სხვა სათაური დაემატოს და საბოლოოდ საზოგადოებას სრულიად სხვა რამე მიაწოდონ.
ზუსტად ამას ვხედავთ ახლა.
ასეთ მგრძნობიარე საკითხებზე ერთი არაზუსტი ან არასაჭირო შედარება შეიძლება საბოლოოდ შენი ოპონენტის მთავარ პოლიტიკურ იარაღად იქცეს.
ამიტომ ჩემი კრიტიკა ამ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს აფხაზეთის დათმობას ვაბრალებ.
პირიქით – სწორედ იმიტომ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ჩემთვის უმნიშვნელოვანესია, მიმაჩნია, რომ ამ თემაზე სიტყვებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
და ახლა უკვე ვხედავთ, რომ ხელისუფლების პროპაგანდა ამ თემას აუცილებლად გააგრძელებს და იმ ადამიანებს, ვინც ეს განცხადებები გააკეთა, დიდი ალბათობით კიდევ დიდხანს მოუწევთ განმარტება, რას გულისხმობდნენ და რას არ გულისხმობდნენ.
ეს კი კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია, როცა ასეთ საკითხებზე საუბრობ, არა მხოლოდ ის იფიქრო, რას გულისხმობ შენ, არამედ ისიც – როგორ შეიძლება შენი ნათქვამი სხვამ გამოიყენოს.
პროპაგანდის ქარდები იხილეთ კომენტარებში






