პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ შიკორსკიSarah Meyssonnier/AFP/Getty Imagesპოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ შიკორსკის განცხადებით, პოლონეთსა და ბელარუსს შორის ურთიერთობები მალე გაუმჯობესდება. შიკორსკიმ ამის შესახებ 23 სექტემბერს ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრ მაქსიმ რიჟენკოვთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
შიკორსკის თქმით, შეხვედრაზე ძირითადად საზღვარზე არსებული ვითარება და რეგიონული უსაფრთხოება განიხილეს. მათ შორის, მხარეებმა ისაუბრეს ფაქტზე, რომ ბელარუსი რუსულ დრონებს საკუთარი საჰაერო სივრცის გავლის საშუალებას აძლევს.
“ეს პირველი, შესავალი შეხვედრაა, თუმცა შეხვედრები სხვა სამინისტროებთან და სხვა დონეზეც მიმდინარეობს. მალე მინსკში საელჩოს ახალ შენობას გავხსნით. როდესაც მეზობელს ურთიერთობების გალღობა და გაუმჯობესება სურს, პოლონეთი ყოველთვის პირველია, ვინც შეთანხმებას აღწევს.” – თქვა შიკორსკიმ.
მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის ამ დონის ურთიერთობა 2016 წლის შემდეგ არ ყოფილა.
“ახლა საზღვარზე უფრო ნორმალიზებული ვითარებაა, ვიდრე წარსულში. რა თქმა უნდა, ეს დაკავშირებულია იმასთანაც, რომ მომდევნო მთავრობებმა საზღვარზე ეფექტიან ღობეში ინვესტიცია ჩადეს, თუმცა ჩვენ ასევე მივაღწიეთ პოლიტიკური პატიმრების, მათ შორის ანჯეი პოჩობუტის, გათავისუფლებას.” – თქვა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
პოლონური წარმოშობის ბელარუსი ჟურნალისტი და აქტივისტი ანჯეი პოჩობუტი 2026 წლის აპრილის ბოლოს გაათავისუფლეს. ის ბელარუსის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში ხუთი წლის განმავლობაში იმყოფებოდა.
შიკორსკისა და რიჟენკოვის შეხვედრა ბელარუსსა და პოლონეთს შორის ურთიერთობების შესაძლო დათბობის ფონზე გაიმართა. თუმცა, პარალელურად, 15 სექტემბრის ღამით, ნატოს საპატრულო მისიის ფარგლებში მყოფმა გამანადგურებლებმა ლიტვის თავზე პირველად ჩამოაგდეს უცნობი ტიპის დრონი, რომელიც ქვეყანაში ბელარუსის ტერიტორიიდან შევიდა.