"შესაძლებელია ვეტოს პროცედურის ფარგლებში შეჯერდეს პოზიციები" - კობახიძე "აგენტების კანონზე"
10 მაისს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე, ტვ "იმედის" წამყვანის კითხვის პასუხად ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ვეტოს პროცედურების გამოყენება შესაძლებელია "პოზიციების შესაჯერებლად".
"ბოლო შეხვედრების დროს მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მზაობა არის დისკუსიისთვის კანონის ნორმებთან დაკავშირებით. მე განვუმარტე ჩვენს პარტნიორებს რომ ვეტოს პროცედურის ფარგლებში შესაძლებელია, შეჯერდეს პოზიციები. სალომე ზურაბიშვილი თვითონ არ წერს ხოლმე ვეტოს კანონპროექტებს, ან ენჯეოები უწერენ ან გარედან უწერენ, შესაბამისად, ეს ბერკეტი შეგვიძლია გამოვიყენოთ. შესაძლებელია ვეტოს პროცედურის გამოყენება იმისათვის, რომ ჩვენ შევაჯეროთ პოზიციები ამ კანონპროექტთან დაკავშირებით.
აქ უკვე ჩვენი პარტნიორები იძულებული იქნებიან, კონკრეტული შენიშვნები წარმოადგინონ და ასახონ პრეზიდენტის ვეტოში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოში მიმდინარე პროტესტისა და დემონსტრანტებზე ძალადობის ფონზე, პოლიტიკოსები ევროკავშირის ქვეყნებიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოს აფრთხილებენ, "აგენტების კანონის" მიღების შემთხვევაში მოსალოდნელ პრობლემებზე. მათ შორის არის საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის ჩამორთმევა, ვიზის გარეშე მგზავრობის უფლების შეზღუდვა ევროკავშირის ქვეყნებთან და შესაძლო სანქციების დაწესება იმ პოლიტიკოსების წინააღმდეგ, რომლებიც ხელს უშლიან ქვეყანას დასავლეთისკენ სვლაში.
2024 წლის 1 მაისს პარლამენტმა, მრავალათასიანი საპროტესტო დემონსტრაციების მიუხედავად, პლენარულ სხდომაზე „აგენტების კანონი“ მეორე მოსმენით მიიღო.
კანონი ეხება საქართველოში არსებულ თითქმის ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას და არაერთ მედიასაშუალებას, მათ შორის რადიო თავისუფლებასაც.
კანონპროექტის პარლამენტში დაბრუნების შემდეგ თბილისში საპროტესტო დემონსტრაციები დაიწყო.
ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლება არაერთხელ გააფრთხილეს, რომ კანონის მიღება უარყოფითად იმოქმედებს ევროკავშირისკენ საქართველოს სვლაზე.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.