ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„შესანიშნავი შვიდეულის“ კომპანიების შემოსავლები 2024 წელს (forbs.ge)

„შესანიშნავი შვიდეულის“ კომპანიების შემოსავლები 2024 წელს (forbs.ge)

გასულ ფისკალურ წელს „შესანიშნავ შვიდეულში“ შემავალი კომპანიების მთლიანმა შემოსავალმა 2 ტრილიონ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ მთლიანი შემოსავლების თითქმის მესამედი ერთ კომპანიაზე, კერძოდ, Amazon-ზე მოდის.
2024 წელს ელექტრონული კომერციის გიგანტის შემოსავალმა 638 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც წლიურად 11%-იან ზრდას გულისხმობს. ამავდროულად, Nvidia-მ 131 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც Tesla-ს შემდეგ „შესანიშნავ შვიდეულში“ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, თუმცა მისი გაყიდვების სამნიშნა ზრდა, ამ კუთხით, დანარჩენი კომპანიების შედეგს მნიშვნელოვნად ჩრდილავს.
Nvidia-ს შემოსავლების უმეტესობა მის გამოთვლით და ქსელურ მიმართულებაზე მოდის, რომელიც AI-პროცესორებსა და მონაცემთა ცენტრებში გამოყენებულ არქიტექტურას მოიცავს. მხოლოდ ამ მიმართულების წყალობით გასულ ფისკალურ წელს ტექნოლოგიურმა კომპანიამ $116.2 მილიარდის შემოსავალი მიიღო. ეს ძირითადად AI-მოდელებისთვის საჭირო ჩიპებზე მოთხოვნის ზრდამ განაპირობა.
შემოსავლების წლიური ზრდის თვალსაზრისით მეორე საუკეთესო შედეგი Meta-ს ეკუთვნის. გასულ ფისკალურ წელს ტექნოლოგიური გიგანტის შემოსავალი 22%-ით გაიზარდა. შედარებისთვის, 2023 წელს წლიური ზრდის მაჩვენებელმა 16% შეადგინა.
Meta-ს შემოსავლების უდიდესი წილი რეკლამაზე მოდის. აქვე აღსანიშნავია, რომ გაფართოებული რეალობის განყოფილების წილმა შემოსავლებში მხოლოდ 1% შეადგინა.
„შესანიშნავი შვიდეულის“ კომპანიებიდან შემოსავლების ყველაზე სუსტი ზრდა Tesla-მ დააფიქსირა. გასულ ფისკალურ წელს კომპანიის შემოსავლები მხოლოდ 1%-ით გაიზარდა. ამის მიზეზი კი ის არის, რომ წლიური მიწოდება კომპანიის არსებობის განმავლობაში პირველად შემცირდა, განსაკუთრებით ჩინეთსა და ევროპაში.
ფისკალური წლის დასასრული 2024 წლის 31 დეკემბერსაა, Microsoft-ის (2024 წლის 30 ივნისი), Apple-ისა (2024 წლის 28 სექტემბერი) და Nvidia-ს (2025 წლის 26 იანვარი) გარდა.
წყარო: forbs.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.