შერმადინის ორმაგი დუბლი, MVP-ის ტიტული და ჩემპიონთა ლიგის ოთხთა ფინალი

გიორგი შერმადინის გაბრწყინება ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგაზე – უაღრესად პრინციპულ და მნიშვნელოვან მატჩში. “ტენერიფე” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ სერიაში, სადაც საერთო ანგარიში 1:1 იყო და გადამწყვეტ შეხვედრას ტენერიფე მასპინძლობდა, თურქულ “გალათასარაის” ხვდებოდა. ამ მატჩის მომგები ნახევარფინალში გადიოდა. ტენერიფელებმა ქართველი ცენტრის შედეგიანი თამაშის წყალობით 99:59 გაანადგურეს “გალათასარაი” და ოთხთა ფინალში გავიდნენ.
ქართველმა ცენტრმა თამაში სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და ორმაგი დუბლის შესრულება პირველივე ტაიმში შეძლო. საბოლოოდ, შერმადინმა პარკეტზე მხოლოდ 18:52 წუთი გაატარა და ბრწყინვალე სტატისტიკა დააფიქსირა – 20 ქულა, 14 მოხსნა და 3 პასი. შერმადინმა 6-დან 5 ორქულიანი და 10-დან 10 საჯარიმო ჩააგდო, მისმა სარგებლიანობის კოეფიციენტმა 35 შეადგინა და ის, რა თქმა უნდა, მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.
“ტენერიფე” ოთხთა ფინალში ვილნიუსის “ლიეტუვოს რიტასს” შეხვდება. ამ წყვილში 1-მატჩიანი დაპირისპირება 8 მაისს შედგება.
GBF.GE