თბილისის 21-ე საჯარო სკოლის შენობის დემონტაჟის გადაწყვეტილება საბოლოოა და აღარ გადაიხედება. ამის შესახებ ცნობილი გახდა პროტესტის ფონზე გამართული შეხვედრის შემდეგ, რომელსაც სკოლის სამეურვეო საბჭოსა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
უწყების წარმომადგენლების განმარტებით, სკოლაში სასწავლო პროცესი მას შემდეგ შეჩერდა, რაც მათ შენობის მდგომარეობის შესახებ შესაბამისი დასკვნა მიიღეს. მათი განცხადებით, არსებული შენობის რეაბილიტაცია მიზანშეწონილი არ არის და ის დემონტაჟს ექვემდებარება.
სამინისტროს გადაწყვეტილებას მშობლების პროტესტი და ხმაური მოჰყვა. ისინი კატეგორიულად წინააღმდეგები არიან, რომ მათი შვილები სხვადასხვა სკოლებში გადაანაწილონ.
ამ შენობაში ბავშვების შეყვანა არ შეიძლება. თქვენ იღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ აქ სასწავლო პროცესი განახლდეს?, – უთხრა სამინისტროს წარმომადგენელმა ადგილზე შეკრებილებს.




