შემოსავლების სამსახური - ყაზბეგში 1 კილოგრამზე მეტი არადეკლარირებული ოქროს შემოტანის ფაქტი აღიკვეთა
ყაზბეგში 1 კილოგრამზე მეტი არადეკლარირებული ოქროს შემოტანის ფაქტი აღიკვეთა. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში - ,,ყაზბეგი", მებაჟე ოფიცრებმა, უცხო ქვეყნის მოქალაქის ეჭვის საფუძველზე, სხეულის რენტგენო სკანერით დათვალიერების შედეგად, 3 სხვადასხვა შენადნობად დამზადებული 1,6 კილოგრამი არადეკლარირებული ოქრო აღმოიაჩინეს (აღნიშნული შენადნობები მოქალაქეს სხეულზე მალულად ჰქონდა განთავსებული).
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ - 332 907,84 ლარი შეადგინა.
კანონდამრღვევი მოქალაქის საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.