შემეცნებითი ტური „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ში

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ აგრძელებს შემეცნებით ტურებს, რომლის ფარგლებშიც სსე-ის სათავო ოფისს თბილისის ილია ვეკუას სახელობის 42-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ. შეხვედრა ინტერაქტიურ რეჟიმში გაიმართა, უფროსკლასელებს პრეზენტაცია ჩაუტარდათ სსე-ის როლზე ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების საქმეში. ასევე საუბარი შეეხო განახლებადი ენერგიის საკითხს და ენერგეტიკის სფეროში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებს.
მოსწავლეებმა მოინახულეს ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრი და გაეცნენ მისი ფუნქციონირების ძირითად პრინციპებს. დაათვალიერეს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მართვის ფარი, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყნის ენერგოსისტემის ოპერატიულ მართვაზე.
მოსწავლეები ესტუმრნენ ქვესადგურს „ნავთლუღი 220“, მიიღეს ინფორმაცია ქვესადგურების ფუნქციონირების შესახებ, დაათვალიერეს სხვადასხვა ელექტრომოწყობილობა და ჩაერთნენ მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების შემოწმების პროცესში.
უფროსკლასელებს საშუალება ჰქონდათ, დაეთვალიერებინათ სსე-ის სასწავლო ცენტრი, სადაც მომავალი ენერგეტიკოსები უსასყიდლოდ გადიან სტაჟირებას მომავალი დასაქმების პერსპექტივით.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ 2016 წლიდან ატარებს შემეცნებით ტურებს თბილისისა თუ რეგიონების სკოლების მოსწავლეებისთვის, რაც, პირველ რიგში, ახალი თაობის ენერგეტიკის დარგით დაინტერესებას ემსახურება. სსე ორიენტირებულია, მეტ ახალგაზრდას გააცნოს კომპანიაში მიმდინარე მასშტაბური პროექტები და დანერგილი თანამედროვე ტექნოლოგიები. შემეცნებითი ტურები სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებისთვის მთელი წლის განმავლობაშია დაგეგმილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ომბუდსმენი – 2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველადად დარეგისტრირდა – 7 248 მოსწავლეს შეუჩერდა, 1 366 მოსწავლეს კი შეუწყდა მოსწავლის სტატუსი