შალვა პაპუაშვილი – სალომე ზურაბიშვილი იყო არა ხალხთან, არამედ ხალხში – ხალხთან იყო ხელისუფლება, რომელმაც მოუტანა ხალხს კანდიდატის სტატუსი

ქალბატონი სალომე ხალხთან კი არ იყო, ხალხში იყო. ხალხში ის ნამდვილად იყო, მაგრამ ხალხთან ის არ არის, განსაკუთრებით მას შემდეგ, როდესაც ღვთისა და ერის წინაშე დადებული ფიცი დაარღვია , – ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის შეკითხვას, თუ რატომ არ მიეცა სალომე ზურაბიშვილს 15 დეკემბერს კანდიდატის სტატუსისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილმა ხალხის მიღმა საკუთარი თავი დააყენა, მას შემდეგ, რაც საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია.
„საუბარი იყო, თითქოს იყო ხალხთან და ხელისუფლება არ იყო. სინამდვილეში, ხალხთან იყო საქართველოს ხელისუფლება, რომელმაც ხალხს მოუტანა კანდიდატის სტატუსი, ხოლო ქალბატონი სალომე ხალხთან კი არ იყო, ხალხში იყო. ხალხში ის ნამდვილად იყო, მაგრამ ხალხთან ის არ არის, განსაკუთრებით მას შემდეგ, როდესაც ღვთისა და ერის წინაშე დადებული ფიცი დაარღვია, რაც დადასტურებულია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით. როდესაც ადამიანი არღვევს მის მიერ დადებულ ფიცს, არღვევს კონსტიტუციას, განზრახ და უხეშად, თავისთავად ამით აყენებს თავის თავს ხალხის მიღმა. ამიტომ ქალბატონმა სალომემ თავადვე ჩაიყენა თავი ამ მდგომარეობაში იმით, რომ დაარღვია კონსტიტუცია. კონსტიტუციური განაჩენი მის წინააღმდეგ გამოტანილია უკვე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ და ასევე საპარლამენტო უმრავლესობის მიერ, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის სახელით. მათ შორის მისი ეს ქცევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მთლიანად მომართულია, რამენაირად განხეთქილებები შეიტანოს საზოგადოებაში და ცუდ სურათში, ცუდი მხრივ წარმოაჩინოს საკუთარი ქვეყანა. ხელისუფლება ზოგიერთი აჟიტირებული ოპოზიციონერისგან იმით გამოირჩევა, რომ ჩვენ ვართ თანმიმდევრული და არა იმპულსური. თანმიმდევრობა გულისხმობს, რომ ქალბატონმა სალომემ დაარღვია პრეზიდენტის ფიცი, დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია, ეს დადასტურებულია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში. რაც მთავარია, აცხადებს, რომ კვლავაც დაარღვევს საქართველოს კონსტიტუციას. ამიტომ ადამიანი, რომელიც არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, ვერ იქნება ხალხთან ერთად, რომლის კონსტიტუციაც ეს არის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.