ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შალვა პაპუაშვილი პარტნიორებზე - რომ გვეტყვიან თქვენი კონტექსტი ვიცითო, ხომ ვეტყვით: როგორ იცით, როცა ისიც არ იცით, ვინაა ზურაბ ადეიშვილი - თუ უხერხულობას გრძნობენ, ეს უხერხულობა ადეიშვილის დაკავებით და გადმოცემით უნდა მოიხსნან

რომ გვეტყვიან [ევროპელი პარტნიორები], თქვენი კონტექსტი ვიცით, ვერკვევითო, ხომ ვეტყვით: როგორ იცით ჩვენი კონტექსტი, როცა ისიც არ იცით, ვინაა ზურაბ ადეიშვილი და რას ნიშნავს ის ქართული კონტექსტისთვის - თუ უხერხულობას გრძნობენ, ეს უხერხულობა ადეიშვილის დაკავებით და ჩვენთვის გადმოცემით უნდა მოიხსნან, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ზურაბ ადეიშვილთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პროკურატურამ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მიზნით ნიდერლანდებს მიმართა, ეს არ მომხდარა.
„ჩვენთვის მთავარი მიზანია, რომ ზურაბ ადეიშვილი დააკავონ და გადმოსცენ საქართველოს. აბსოლუტურად ცინიკურად, ჰააგაში, რომელიც მართლმსაჯულების ერთ-ერთი დედაქალაქია, წამების სისტემის შემქმნელი, თავისუფლად გადაადგილდება. გერმანულმა პროკურატურამ მიმართა ნიდერლანდების სამეფოს, რომ დაეკავებინათ და გადმოეცათ. როგორც ვხვდები, ეს არ მოხდა. რა თქმა უნდა, ამ საკითხთან დაკავშირებით, როცა შესაძლებლობა მექნება ნიდერლანდების ელჩს შევხვდე, ვიკითხავ, რა პროცედურებია ჰოლანდიაში ამ მხრივ. ზოგადად, იმედგამაცრუებელია, რომ კონფერენციაზე, რომელიც თანაორგანიზატორი იყო ევროპული კომისია, სტუმრის რანგში ვნახეთ სისხლის სამართლის დამნაშავე და კრიმინალის გვერდით ევროკავშირის სხვადასხვა მაღალჩინოსანი იჯდა, ეს ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს, რომელსაც ევროკავშირთან ვიზიარებთ“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
რაც შეეხება იმის, რომ ოფიციალური წყაროებიდან აღებულია ფოტოები, სადაც ევროპის სხვადასხვა სტრუქტურაში გამართულ შეხვედრებზე ზურაბ ადეიშვილის მონაწილეობაცაა ასახული, პაპუაშვილი ამბობს, რომ „უხერხულობა არ მოიხსნება, სანამ ადეიშვილს საქართველოს არ გადმოსცემენ“.
„ვინაიდან იმ ფოტოებზე იყვნენ სხვა ადამიანები, ევროპელები, უნდოდათ, მათთვის უხერხულობა არ შეექმნათ. როგორც ჩანს, ჩვენი პროტესტი მისწვდა იმ ქვეყნებში და ფოტოებს რომ დააკვირდნენ, მიხვდნენ, რომ როდესაც ამა თუ იმ ქვეყნის იუსტიციის მინისტრი ხარ, სირცხვილია, როდესაც კრიმინალი გიზის წინ. ეტყობა, უნდოდათ, ეს უხერხულობა მოეხსნათ. თუ თავად გრძნობენ უხერხულობას, ეს უხერხულობა არა ფოტოების ჩამოჭრით უნდა მოიხსნან, არამედ ადეიშვილის დაკავებით და ჩვენთვის გადმოცემით“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.