შალვა პაპუაშვილი ბექა მინდიაშვილზე – აღმოჩნდა, რომ ადამიანი, რომელიც გამოირჩევა რელიგიური შეუწყნარებლობით, ახერხებს ამერიკული დაფინანსების მიღებას

ცინიკური იყო ის ფაქტი, რომ ეკლესიის საწინააღმდეგო კამპანიის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე „სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის“ ხელმძღვანელი ბექა მინდიაშვილია. ადამიანი, რომელიც რელიგიურ შემწყნარებლობის იდეას უნდა ავრცელებდეს, თავად გახდა რელიგიური ნიშნით თავდასხმის კამპანიის სულის ჩამდგმელი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ბექა მინდიაშვილი გამოირჩევა რელიგიური შეუწყნარებლობით და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ მტრული რიტორიკით.
„გაგაცნობთ მის რამდენიმე საჯარო განცხადებას, რომელიც სრულად წარმოაჩენს თუ როგორ არ ესმის მას ტოლერანტობის არც იდეა და არც სულისკვეთება, მისი ციტატები – „ეს პატრიარქი და სამღვდელოება მოხსენით ერთხელ და სამუდამოდ დღის წესრიგიდან – დაანებეთ ამ ჯაშუშების ბუნაგს თავი“; „ჩვენი ეკლესიის უკიდურეს დეგრადაციაზე მეტყველებს, რომ ჩვენ რუსული სტალინისტური “პრავოსლავიეს” მარგინალური ჯურღმული ვართ და არა საქართველოს სამოციქულო ეკლესია“; „სქიზმატური ატომური რუსული ფაშისტური “პრავოსლავიე” და მისი უბედური სატელიტები – შვიდში აღნიშნავენ რაღაც ანტიდასავლურ სიბრიყვეს, ხუშტურსა და ბოღმას, ხოლო საქართველოში, დამატებით, იესოს ბაგაში შობის ნაცვლად, დღეს ილია მეორის ტახტზე ასვლას ზეიმობს ეკლესია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქის მოხსენიება „ჯაშუშად“, ეკლესიის – „დეგრადირებულად“ და შობის, საერო კალენდრით, 7 იანვარს აღნიშვნისთვის „ანტიდასავლური სიბრიყვის“ წოდება, არის სწორედ რელიგიური შეუწყნარებლობა, მტრული რიტორიკა და სიძულვილის ენა, ანუ ის, რასაც ე.წ. ტოლერანტობის ცენტრი წესით უნდა ებრძოდეს.
„ამ საკითხთან დაკავშირებით მე მივმართე სახალხო დამცველს, საკითხში გარკვევის თხოვნით. საზოგადოებამ მოისმინა მისი საჯარო განმარტება. როგორც აღმოჩნდა ე.წ. სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი სულაც არ ყოფილა „სახალხო დამცველთან არსებული“ რაიმე ცენტრი თუ სტრუქტურული ერთეული, არამედ არის ცალკე არსებული დამოუკიდებელი პროექტი, რაც თავის მხრივ, პრობლემურია, ვინაიდან სახეზეა კონსტიტუციური ორგანოს სახელწოდების იმგვარად მითვისება, რასაც შეცდომაში შეჰყავს მოქალაქეები და ენჯეოს სახელმწიფო ინსტიტუტად წარმოაჩენს. რაც შეეხება ამ ე.წ. ცენტრის დაფინანსებას, როგორც ირკვევა, ის ფინანსდება -ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ერთ-ერთი პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში. ძალიან ვწუხვარ, რომ უკვე მერამდენედ, USAID ექცევა მისი სახელით დაფინანსებულ პროექტებთან დაკავშირებული სკანდალის ეპიცენტრში. აღმოჩნდა, რომ ადამიანი, რომელიც გამოირჩევა რელიგიური შეუწყნარებლობით და რელიგიური ისტერიის გაღვივებით, ახერხებს ამერიკული დაფინანსების მიღებას, თანაც იმ საქმისთვის, რომლის აბსოლუტურად საპირისპიროდაც თავად მოქმედებს. საქართველოს ეკლესიის და მისი მრევლის წინააღმდეგ საქმიანობის ხელშეწყობა ქართველი ხალხის ინტერესს რომ არ პასუხობს, ეს თავისთავად ცხადია, თუმცა მე, ამავე დროს, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ სხვა ქვეყანაში რელიგიური შეუწყნარებლობის დაფინანსება არც ამერიკელი ხალხის ინტერესშია. ამიტომ, ჩემი მოლოდინია, რომ USAID-ის ხელმძღვანელობა მალე გაერკვევა ამ საკითხში და იმოქმედებს ამერიკელი და ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა: საქართველოს პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე წინ მიმავალ გზას ხსნის – ესტონეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიონ კანონი