შალვა პაპუაშვილი: …ამ გაკვეთილებით მოქმედებს ჩვენი ხელისუფლება!

1995 წლის 24 აგვისტოს საქართველოს კონსტიტუცია მიიღეს, 25 აგვისტოს დაგეგმილი იყო კონსტიტუციის ხელმოწერა, თუმცა სახელმწიფოს მეთაურზე ტერაქტი მოხდა – მაშინაც გარე ძალების ჩარევით, შიგნით ხელების ფათურითა და გარედან ადამიანების ქვეყნის შიგნით დაპირისპირების წაქეზებით მოხდა ტერაქტი და კონსტიტუციის ხელმოწერა გადაიდო – ბევრ რამეს შეგვახსენებს ჩვენი კონსტიტუცია და სწორედ ამ გაკვეთილებზე დაყრდნობით მოქმედებს დღეს ჩვენი ხელისუფლება! – ეს განცხადება დღეს პარლამენტში, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.

საქართველოს კონსტიტუციის მიღებასთან დაკავშირებულ პერიპეტიებზე პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარული სხდომის გახსნისას ისაუბრა.

“დღეს მაგიდაზე რამდენიმე გამოცემა დაგხვდათ. გარეთ პარლამენტის სხდომათა დარბაზის შესასვლელთან გამოფენილია 1995 წლის 24 აგვისტოს მიღებული საქართველოს კონსტიტუციის ორიგინალი, რომელზეც არის მაშინდელი პარლამენტის ყველა წევრისა და საკონსტიტუციო კომისიის წევრების ხელმოწერა.

ორიგინალი სახელმწიფო არქივში ინახება. ჩვენ არქივს ვთხოვეთ და ამ ორიგინალის ზუსტი ასლი გავაკეთეთ, სადაც ყველაფერი – ყდის ფერიდან დაწყებული, ქაღალდი და ასე შემდეგ, ორიგინალის ზუსტი ასლია. ის დაგირიგდათ თქვენ და ჩვენს სტუმრებს.

საქართველოს კონსტიტუცია ბევრ რამეს შეგვახსენებს – უპირველეს ყოვლისა შეგვახსენებს თავის შინაარსს. დღეს განსაკუთრებით ხაზგასასმელია კონსტიტუცია, რომელშიც აღინიშნა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული როლი საქართველოს ისტორიაში. ამ განსაკუთრებული როლის აღნიშვნას მოჰყვა 2002 წელს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის კონკორდატის ხელმოწერა. კონკორდატის ასლიც გამოვეცით და დაგირიგდათ.

1995 წლის 24 აგვისტოს საქართველოს კონსტიტუცია მიიღეს, 25 აგვისტოს დაგეგმილი იყო კონსტიტუციის ხელმოწერა, თუმცა სახელმწიფოს მეთაურზე ტერაქტი მოხდა – მაშინაც გარე ძალების ჩარევით, შიგნით ხელების ფათურითა და გარედან ადამიანების ქვეყნის შიგნით დაპირისპირების წაქეზებით ტერაქტი მოხდა და კონსტიტუციის ხელმოწერა გადაიდო.

შემდეგ 1995 წლის 17 ოქტომბერს პარლამენტის ამ დარბაზში ხელმოწერის ცერემონია გაიმართა. გარეთ, კონსტიტუციის ორიგინალთან ერთად, ასევე იხილავთ იმ ღონისძიების კადრებს, როცა კონსტიტუციის ხელმოწერა მოხდა.

ბევრ რამეს შეგვახსენებს ჩვენი კონსტიტუცია – არა მხოლოდ მისი შინაარსი, არამედ მისი მიღების ისტორია. სწორედ ამ გაკვეთილებზე დაყრდნობით მოქმედებს დღეს ჩვენი ხელისუფლება, რომ არ დავუშვათ გარედან ქვეყნის შიგნით დაპირისპირება, არ დავუშვათ ეკლესიის მიმართ არასათანადო დამოკიდებულებები. ყველაფერი ეს საბოლოო ჯამში, ჩვენს სახელმწიფოებრიობას აძლიერებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან.

პარლამენტში პრემიერ-მინისტრის ყოველწლიურ მოხსენებას უსმენენ.

პარლამენტში იმყოფებიან მინისტრთა კაბინეტის წევრები, კონსტიტუციური ორგანოების პირველი პირები, ავტონომიური რესპუბლიკების წარმომადგენლები, თბილისის მერი. პარლამენტში მივიდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III და სასულიერო პირები.