
“საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ღირებულებითი განათლების პროგრამაში ჩართული სასულიერო პირებისა და მოსწავლეების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. გივი მიქანაძემ სასულიერო პირებს ახალგაზრდების აღზრდასა და ღირებულებითი განათლების გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, საქართველოს საპატრიარქოსა და სამინისტროს თანამშრომლობით განხორციელებული პროგრამა ხელს უწყობს მოსწავლეებში პასუხისმგებლობის, პატივისცემის, მოქალაქეობრივი ცნობიერებისა და სამშობლოს სიყვარულის განმტკიცებას. გივი მიქანაძის განცხადებით, პროგრამის გაფართოება მომავალშიც გაგრძელდება. ამ მიზნით უკვე გადამზადდა 129 სასულიერო პირი. ისინი მიმდინარე წლის სექტემბრიდან ახალ კლუბებს გახსნიან. ღონისძიების ფარგლებში მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ როგორც სასულიერო პირები, ასევე მოსწავლეები. სასულიერო პირებს სიგელები ახალგაზრდების აღზრდასა და პროგრამის გაძლიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცათ, ხოლო მოსწავლეები კლუბებში აქტიური ჩართულობისთვის დაჯილდოვდნენ….” | ნათქვამია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში