“შავი ლომი” vs დიდი 10 XV | “შავი ლომის” დიდი უპირატესობით მეორე მატჩში

‘შავმა ლომმა' სასელექციო- მოსამზადებელ მეორე შეხვედრაში, crocobet დიდი 10 XV-ს ყველა კომპონენტში აჯობა, თითო ტაიმში სამ-სამი ლელო გაუტანა და მშრალი ანგარიშით, 38:0 დაამარცხა.
ამ გუნდებს შორის პირველი თამაში 2 მაისს გაიმართა და მაშინ ‘შავმა ლომმა' 31:19 გაიმარჯვა. როგორც ჩანს, თამაშებს შორის არსებული 5 დღე ‘შავმა ლომმა' უკეთ გამოიყენა. ის სრულად დომინირებდა, როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში და მშრალი ანგარიშითაც დამსახურებულად გაიმარჯვა.
წინა მატჩისგან განსხვავებით, როდესაც გუნდებს განაცხადში 28-28 მოთამაშე ყავდათ, ამჯერად მწვრთნელებმა საქმეში 30-30 მორაგბე გამოსცადეს, ანუ სრულფასოვნად ორ-ორი გუნდით ითამაშეს.
თამაში მაღალ დონეზე ჩაატარა თორნიკე კახოიძემ, რომელმაც ‘შავი ლომი' მე-10 წუთზე დააწინაურა. მან ხაზი თავის ნახევარზე გაჭრა, ფრთაზე ბურთი აკაკი ტაბუცაძესთან გაითამაშა და ძელებს შორის გატანილი ლელო ლუკა ცირეკიძემ გარდასახა. 25-ე წუთზე თენგიზ პერანიძე ორ მცველს შორის შევიდა და ლამაზი ოფლოუდის შემდეგ შალვა აფციაურს ლამაზი ლელო გაატანინა, თუმცა ვიდეო-რეფერიმ დააფიქსირა, რომ მანამდე, რაქიდან ბურთის აღებისას, ოვალი წინ გადაუგორდა და ლელოც სამართლიანად გაუქმდა.
32-ე წუთზე ‘შავი ლომის' მეორე ლელო მაინც გავიდა: კახოიძემ მეტოქის 22-ში ხაზი გაჭრა, ბოლო მცველი აიყვანა და ლელოში დემე თაფლაძე შეუშვა, ხოლო გარდასახვა მერლს პიტერსმა შეასრულა. შესვენებამდე დიდი 10 XV სინბინით დაისაჯა და ‘შავმა ლომმა' რიცხობრივი უპირატესობით იქვე ისარგებლა, აფციაურის კარგი თამაშის შემდეგ ცირეკიძემ ბურთი დემურ ეფრემიძეს გადმოუგდო, რომელმაც მარცხენა ალამთან ლელო გაიტანა. გარდასახვა არაზუსტი იყო – 19:0.
რადგან შერკინების მოწყობისას პრობლემები იყო, მსაჯმა მეორე ტაიმის დასაწყისში ორივე გუნდის პირველხაზელი გაასინბინა, ‘შავმა ლომმა' კი უპირატესობა 58-ე წუთზე გაზარდა, როდესაც შეცვლაზე შესულმა მიშო ყაჩლავაშვილმა ხაზი გაჭრა, მას კარგად მიყვა ასევე შეცვლაზე შესული ამირან შვანგირაძე და მისი ლელო დათა იმნაძემ გარდასახა.
65-ე წუთზე შვანგირაძის კარგი თამაშის შემდეგ, ლელოს სიახლოვეს რაქიდან ბურთი ოთია გიორგაძეზე გავიდა, რომელმაც ის სიჩქარეში მიიღო და ლელოში შევიდა. იმნაძემ გარდასახა. მალევე ცენტრში ზაურ ლუტიძემ გაჭრა ხაზი, სისწრაფე აკრიფა და ‘შავი ლომის' მეექვსე ლელოთი საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 38:0.
‘შავი ლომი' მზადებას განაგრძობს და ივნისის დასაწყისში სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრება, სადაც „ტოიოტა ჩელენჯის' ფარგლებში ადგილობრივ გუნდებთან სამ თამაშს გამართავს – 5 ივნისს ‘აირლინკ პუმასთან', 10 ივნისს ‘სუზუკი გრიქასთან' და 14 ივნისს ‘ტოიოტა ჩიტასთან'.
სასელექციო-მოსამზადებელი შეხვედრა
8 მაისი. გორი. 15:00 საათი
შავი ლომი – დიდი 10 XV 38:0 (19:0)
შავი ლომი
ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე, 14. აკაკი ტაბუცაძე (კაპ.), 13. დემურ თაფლაძე, 12. თორნიკე კახოიძე, 11. შალვა აფციაური, 10. მერლს პიტერსი, 9. თენგიზ პერანიძე;
შერკინება: 1. დავით აბდუშელიშვილი, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 4. გურამ ღანიაშვილი, 5. დემურ ეფრემიძე, 6. ლაშა ციხისთავი, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. გიორგი სინაურიძე;
მარქაფა: 1. გიგა , 2. თამაზ ჭამიაშვილი, 3. ბადრი ციხისთავი, 4. ვასილ ზღუდაძე, 5. გიორგი ნიკოლაძე, 6. ოთია გიორგაძე, 7. გიორგი კერვალიშვილი, 8. თორნიკე ღანიაშვილი; 9. მიშო ყაჩლავაშვილი, 10. დავით იმნაძე, 11. გიორგი სპანდერაშვილი, 12. ზაურ ლუტიძე, 13. ბაჩანა მონიავა, 14. ამირან შვანგირაძე, 15. ალექსანდრე თოდუა.
მთავარი მწვრთნელი: მარკო ბორტოლამი
მწვრთნელები: ილია მაისურაძე, მერაბ კვირიკაშვილი, ლადო კილასონია
დიდი 10 XV
ხაზი: 15. ვაჟა მიქაძე, 14. ზურა ნინიძე, 13. გიორგი ფრუიძე, 12. გიორგი წიკლაური, 11. რომა მახათაძე, 10. რეზი ჯინჭველაშვილი, 9. დავით ხუროშვილი;
შერკინება: 1. ბაჩუკი ბარათაშვილი, 2. შოთა ხელაძე, 3. გიორგი ქიმუცაძე, 4. მურთაზ ცხადაძე, 5. გიორგი შერვაშიძე, 6. ვანო ფუტკარაძე (კაპ.), 7. ზურა ოდიკაძე, 8. ბექა ყორიაული.
მარქაფა: 16. ბადრი ალხაზაშვილი, 17. ალეკო შამილიშვილი, 18. გიორგი ჯამბურიძე, 19. გიგა ჯულუხაძე, 20. გიორგი შუკაკიძე, 21. გიორგი მარგალიტაძე, 22. ბუბა ნოზაძე, 23. ცოტნე კვესელავა, 24. ლუკა კოხია, 25. ნიკა აბესაძე, 26. ზურა ძნელაძე, 27. დავით კვირიკაშვილი, 28. რანი ფხალაძე, 29. ლევან ბაჩილავა, 30. დავით მთვარაძე.
მთავარი მწვრთნელი: ირაკლი ნინიძე
მწვრთნელები: პალიკო ჯიმშელაძე, სერგო ფრუიძე, ზურა გოგლიჩიძე
Rugby.ge