“შავი ლომი” | “ტოიოტა ჩელენჯს” “აირლინკ პუმასით” ვიწყებთ

‘შავი ლომის' სამწვრთნელო შტაბმა „ტოიოტა ჩელენჯის“ პირველი მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
ჩვენი გუნდი ტურნირის გახსნით მატჩში ხვალ, 5 ივნისს, სამხრეთ აფრიკულ ‘აირლინკ პუმასს' საქართველოს დროით 15:30 საათზე შეერკინება. შეხვედრა ბლუმფონტეინში, “ტოიოტა სთედიუმზე” გაიმართება, რომელიც 42 ათას მაყურებელს იტევს.
23-კაციან განაცხადში სამი ისეთი მოთამაშეა, რომლებსაც ქართული ფრენჩაიზის რიგებში აქამდე არ უთამაშიათ. ესენი არიან – ‘არმიას' სამხრეთ აფრიკელი მგეზავი მერლს პიტერსი, ‘აიას' მესამეხაზელი ოთია გიორგაძე და ‘ბათუმის' კაპიტანი, ასევე მესამეხაზელი ვანო ფუტკარაძე.
აღსანიშნავია, რომ პიტერსი პირველი ლეგიონერია, რომელიც 2021 წელს დაარსებული ფრენჩაიზის, ‘შავი ლომის' შემადგენლობაში ითამაშებს. ის სასტარტო შემადგენლობაშია და ღერძზე თენგიზ პერანიძეს შეუწყვილდება. ცენტრში თორნიკე კახოიძეს და დემურ თაფლაძეს ვიხილავთ, ფრთებზე რომა მახათაძეს და აკა ტაბუცაძეს, ფულბეკად კი ლუკა ცირეკიძეს.
შერკინების პირველ ხაზში თამაშს დავით აბდუშელიშვილი, ირაკლი ქვათაძე და კახაბერ დარბაიძე იწყებენ. მეორე ხაზში გუნდის კაპიტან მიხეილ ბაბუნაშვილს დემურ ეფრემიძე შეუწყვილდება. სასტარტო შემადგენლობაშა ოთია გიორგაძე, რომელიც თამაშს მღლეტელად იწყებს, მარბიელი ლაშა ციხისთავი იქნება, ხოლო შერკინებას გიორგი სინაურიძე შეკრავს.
გუნდის მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა მარკო ბორტოლამიმ მარქაფაში 6 მორკინალი გაამწესა. პირველ ხაზს თამაზ ჭამიაშვილი, გიგა და ნიკოლოზ ხატიაშვილი გააძლიერებენ, ხოლო მეორე-მესამე ხაზში გუგა ღანიაშვილი, გიორგი კერვალიშვილი და ვანო ფუტკარაძე შევლენ. ჰავბეკის პოზიციაზე შეცვლაზეა გიორგი სპანდერაშვილი, ხოლო ხაზში ზაურ ლუტიძეს ვიხილავთ.
შეგახსენებთ, “ტოიოტა ჩელენჯი” წელს განახლებული, გაუმჯობესებული ფორმატით ტარდება. მასში 6 გუნდი მიიღებს მონაწილეობას და თითო სათამაშო დღეს სამი შეხვედრა გაიმართება. ტურნირში სამი სამხრეთ აფრიკული კლუბი (აირლინკ პუმასი, სუზუკი გრიქასი, ტოიოტა ჩიტასი) და სამი ევროპული გუნდი (შავი ლომი, პორტუგალიის ნაკრები, რუმინეთის ა ნაკრები) მონაწილეობს. თითო სათამაშო დღეს, ევროპული გუნდები ადგილობრივ კლუბებს შეერკინებიან.
წელს პირველად, “ტოიოტა ჩელენჯი” ორ წრედ გაიმართება და მეორე წრეს საქართველო, შემოდგომაზე უმასპინძლებს.
‘შავი ლომის' პირველმა მეტოქემ – ‘აირლინკ პუმასმა', ქარი ქაფის 2025 წლის გათამაშებაში მე-5 ადგილი დაიკავა. 1969 წელს დაარსებულმა გუნდმა ქარი ქაფი ერთხელ, 2022 წელს მოიგო, 2023 წელს კი მეორე ადგილი დაიკავა.
2026 წლის “ტოიოტა ჩელენჯი”
სამხრეთ აფრიკა. ბლუმფონტეინი. “ტოიოტა სთედიუმი”
შავი ლომი – აირლინკ პუმასი (15:30 საქ. დრო)
შავი ლომი
ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. დემურ თაფლაძე, 12. თორნიკე კახოიძე, 11. რომა მახათაძე, 10. მერლს პიტერსი, 9. თენგიზ პერანიძე;
შერკინება: 1. დავით აბდუშელიშვილი, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. კახაბერ დარბაიძე, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (კაპ.), 5. დემურ ეფრემიძე, 6. ლაშა ციხისთავი, 7. ოთია გიორგაძე, 8. გიორგი სინაურიძე.
მარქაფა: 16. თამაზ ჭამიაშვილი, 17. გიგა , 18. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 19. გუგა ღანიაშვილი, 20. გიორგი კერვალიშვილი, 21. ვანო ფუტკარაძე; 22. გიორგი სპანდერაშვილი, 23. ზაურ ლუტიძე.
მთავარი მწვრთნელი: მარკო ბორტოლამი
მწვრთნელები: ილია მაისურაძე, მერაბ კვირიკაშვილი, ლადო კილასონია
2026 წლის ტოიოტა ჩელენჯი
5 ივნისი
აირლინკ პუმასი – შავი ლომი (15:30 საქ. დრო)
სუზუკი გრიქასი – რუმინეთი ა (17:30)
ტოიოტა ჩიტასი – პორტუგალია (20:00)
10 ივნისი
სუზუკი გრიქასი – შავი ლომი (15:30)
აირლინკ პუმასი – პორტუგალია (17:30)
ტოიოტა ჩიტასი – რუმინეთი ა (20:00)
14 ივნისი
სუზუკი გრიქასი – პორტუგალია (14:00)
აირლინკ პუმასი – რუმინეთი ა (16:00)
ტოიოტა ჩიტასი – შავი ლომი (18:30)
Rugby.ge