ყველაფერი ძილის აპნოეზე – სიმპტომები, რისკ–ჯგუფები, გართულებები – როგორ ხდება დაავადების დიაგნოსტირება?
ალიას ესაუბრება კლინიკა ნიუ ჰოსპიტალსის ნევროლოგი, ნეიროფიზიოლოგი – ლელა ლორთქიფანიძე, რომელსაც პრაქტიკული გამოცდილება აქვს 2010 წლიდან (მათ შორის, 2019 წელს კლინიკური პრაქტიკა აქვს გავლილი დიდ ბრიტანეთში) და არის ევროპის პედიატრიული ნევროლოგიის საზოგადოების და საერთაშორისო კლინიკური ნეიროფიზიოლოგიის საზოგადოების წევრი.
როგორც ლელა ლორთქიფანიძე გვიყვება, მისთვის ექიმობა, პირველ რიგში დიდი პასუხისმგებლობაა, თუმცა, ამასთან, დიდი ბედნიერებაა, მოგეცეს შანსი ადამიანების დახმარების.
–ყოველი მადლიერი პაციენტი დიდი სიამოვნება და შემდგომი სამუშაო დღის მოტივაციაა. ექიმობა ღრმა ბავშვობაში გადავწყვიტე, ვფიქრობ, დედის შთაგონებით, სხვა მიზეზი, მართალი გითხრათ, არ მახსენდება.
–რატომ პედიატრიული ნევროლოგია?
პედიატრიული ნევროლოგია არის დარგი, სადაც ყოველდღიურად ბევრი სიახლე ჩნდება. დაავადებები, რომლებსაც წლების წინ ვერ ვმკურნალობდით, დღესდღეისობით მართვადია. რა თქმა უნდა, არსებობს დაავადებები, სადაც ჯერ–ჯერობით მედიცინა უძლურია და ექიმისთვის ეს ყველაზე დიდ სირთულეს წარმოადგენს. თუმცა, ჩვენი პაციენტების ნებისმიერი წინ გადადგმული ნაბიჯი და ყოველდღიურად მათ დიდ სიხარულში მონაწილეობა – მთავარი მოტივაციაა.
–რა არის ძილის აპნოე?
–ძილის აპნოე წარმოადგენს პოტენციურად საშიშ მდგომარეობას, რომლის დროსაც სუნთქვა ძილში წყდება ეპიზოდურად, განმეორებით. ძილის აპნოეს ძირითადი ტიპებია:
· ძილის ობსტრუქციული აპნოე (OSA). ეს არის ყველაზე გავრცელებული ფორმა, რომელიც გამოწვეულია ზედა სასუნთქი გზების კუნთების მოდუნებით და /ან ანატომიური თავისებურებებით.
· ძილის ცენტრალური აპნოე (CSA) – ეს ხდება მაშინ, როდესაც ტვინი არასწორ სიგნალებს გადასცემს იმ კუნთებამდე, რომლებიც აკონტროლებენ სუნთქვას.
· შერეული ტიპის აპნოე – როცა ადამიანს აღენიშნება ორი ტიპის აპნოე: ობსტრუქციული და ცენტრალური.
–რა სიმბტომებია დამახასიათებელი?
ძილის აპნოეს სიმპტომებია:
· ხმამაღალი ხვრინვა.
· სუნთქვის შეჩერების ეპიზოდები ძილში, რასაც მოჰყვება ხოლმე შეფხიზლება. ამის გამო ძილი წყვეტილია, არასრულფასოვანი.
· სუნთქვის უკმარისობა ძილის დროს.
· პირის სიმშრალით გაღვიძება.
· დილის თავის ტკივილი.
· უძილობა, იგივე ინსომნია.
· ჭარბი ძილიანობა დღისით, იგივე ჰიპერსომნია.
· სიფხიზლის დროს კონცენტრირების უნარის დაქვეითება.
· გაღიზიანებადობა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.